გერმანული პრესის ცნობით, გრენლანდიაში სამხედრო წვრთნებზე მივლინებული ბუნდესვერის ჯარისკაცები სახლში ბრუნდებიან, შვედური მედია კი, ამ ამბის გავრცელების პარალელურად, შვედეთის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერზე დაყრდნობით იუწყება, რომ შვედი ოფიცრები გრენლანდიაში „განუსაზღვრელი ვადით“ რჩებიან.

გერმანული საინფორმაციო სააგენტოს (dpa) ცნობით, ოპერატიული სარდლობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ჯგუფი დღეს გრენლანდიას დატოვებს. თხუთმეტი ჯარისკაცი არქტიკული კუნძულიდან კოპენჰაგენში სამოქალაქო თვითმფრინავით გაფრინდება.

„ბილდი“, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ გერმანელი სამხედროების დაგეგმილზე მეტი ხნით დარჩენაზე წერდა, დღეს იუწყება, რომ გრენლანდიიდან უკან დაბრუნების ბრძანება სამხედროებმა დღეს დილით მიიღეს. ამასთან, მიზეზი არ დასახელებულა, შორეულ ჩრდილოეთში დაგეგმილი ყველა შეხვედრა კი გაუქმდა.

გერმანული მედიის ვარაუდით, უეცარი გამგზავრება იმაზე მიუთითებს, რომ ეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესებაზე მუქარაზე პასუხია.

შვედური მედია გრენლანდიიდან ბუნდესვერის ჯარისკაცების გაყვანის შესახებ წერს და იქვე, შეიარაღებული ძალების პრესსსპიკერ ჰენრიკ ნისტრომზე დაყრდნობით, მიუთითებს, რომ „შვედი ოფიცრები გრენლანდიაში განუსაზღვრელი ვადით დარჩებიან“.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუქარის საწინააღმდეგოდ დანიის სამეფოს მიერ გამოცხადებულ წვრთნებში, „არქტიკული ამტანობა“, მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე ქვეყანამ გაგზავნა ჯარისკაცები და ოფიცრები გრენლანდიაში: საფრანგეთი (15 სამხედრო მოსამსახურე), გერმანია (13 სამხედრო მოსამსახურე), შვედეთი (სამი ოფიცერი), ნორვეგია („ორი პერსონა“), ფინეთი (ორი ოფიცერი), ნიდერლანდები (ერთი საზღვაო ოფიცერი) და დიდი ბრიტანეთი (ერთი ოფიცერი). გუშინ სლოვენიურმა მედიამ გაავრცელა ცნობა გრენლანდიაში 2 სლოვენიელი ოფიცრის გაგზავნის შესახებ. ოდნავ ადრე კი დონალდ ტრამპი გერმანიას, საფრანგეთს, შვედეთს, ნორვეგიას, ფინეთს, ნიდერლანდებს დანიას და დიდ ბრიტანეთს საბაჟო ტარიფების გაზრდით დაემუქრა.