მესამე დღეა თბილისში გადაუღებლად თოვს. საფარმა 40 სანტიმეტრს მიაღწია. დაბალი ტემპერატურა, გართულებული ხილვადობა და უხვი ნალექი - დედაქალაქში რთული მეტეოროლოგიური პირობები კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება.

დედაქალაქის 10-ვე რაიონში მუნიციპალური სამსახურებია მობილიზებული. 100 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკა და "თბილსერვისის" 250 თანამშრომელი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

თბილისის მასშტაბით ცენტრალური გზების 100 პროცენტი გაწმენდილია. უხვ ნალექს მსუბუქი ავტომობილების მძღოლებისთვის გადაადგილების პრობლემა არ შეუქმნია. შეუფერხებლად მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი.

ასეულობით ტონა ტექნიკური მარილი უკვე დაყრილია. 40 საათზე მეტია მუშაობს მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. შექმნილია მერიის ცხელი ხაზი. საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალური სამსახურები მოქალაქეებს პირველად დახმარებას უწევენ.

ტემპერატურა მინუს 6 გრადუსს აღწევს თბილისის შემოგარენში. კოჯორი, წყნეთი, ბეთანია საკურორტო ზონებში 72 საათზე მეტია გადაუღებლად თოვს. ლიპყინულის და რთული რელიეფის მიუხედავად, ავტოტრანსპორტის გადაადგილებას პრობლემა არ შეჰქმნია.

უხვი ნალექი საქართველოს მასშტაბით კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება. მთავარი რეკომენდაცია ავტომობილის მძღოლებისთვის მეტი სიფრთხილე და ზამთრის საბურავებით გადაადგილებაა.