ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეირანს უმკაცრესი გაფრთხილება გაუგზავნა. მისი განცხადებით, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში ხომალდებზე თავდასხმებს განაახლებს, აშშ პასუხად ირანის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას — ხიდებსა და ელექტროსადგურებს სრულად გაანადგურებს.
მისი თქმით, ჰორმუზის სრუტე გლობალური ეკონომიკისა და ენერგომომარაგების უმნიშვნელოვანესი არტერიაა, რომლის პარალიზების უფლებასაც ვაშინგტონი არავის მისცემს.
"ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენს გემებზე თავდასხმას. თუ ისინი ამას კიდევ ერთხელ გაბედავენ, ჩვენ გავანადგურებთ მათ ხიდებს, მათ ელექტროსადგურებს და იმ სასიცოცხლო ინფრასტრუქტურას, რომელზედაც მათი ქვეყანა დგას. პასუხი იქნება სწრაფი და გამანადგურებელი", — აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ჰორმუზის სრუტე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და დატვირთული სატრანზიტო წერტილია, რომელზედაც გლობალური ნავთობვაჭრობის დიდი ნაწილი მოდის. რეგიონში მდგომარეობა პერიოდულად მწვავდება ხოლმე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ირანის სამხედრო ძალებმა არაერთხელ სცადეს კომერციული და საერთაშორისო დანიშნულების ხომალდების დაკავება.
ექსპერტების შეფასებით, მსგავსი მკაცრი რიტორიკა კიდევ უფრო ზრდის ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ალბათობას.
ჰორმუზის სრუტეში ნებისმიერი სამხედრო მოქმედება პირდაპირ და მყისიერად აისახება ნავთობის გლობალურ ფასებზე.
ოფიციალურ თეირანს ამ კონკრეტულ განცხადებაზე ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია, თუმცა წარსულში ირანის ხელისუფლება მუდმივად აცხადებდა, რომ მზად არის, სრუტის სრული ბლოკირებისთვის, თუკი მათ ინტერესებს საფრთხე შეექმნება.




