გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრა განიხილებოდა, აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის, დაიცვას ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი.

გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, დოროთი შიმ მხარდაჭერა გამოუცხადა ნატო-ელ მოკავშირეებს. მისი თქმით, რუსეთის მიერ აშშ-ის მოკავშირის საჰაერო სივრცის დარღვევა უპატივცემულობას აჩვენებს აშშ-ის ძალისხმევის მიმართ, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული.

„შეერთებული შტატები მხარს უჭერს ჩვენს ნატო-ელ მოკავშირეებს საჰაერო სივრცის ამ საგანგაშო დარღვევების ფონზე. შეერთებული შტატები კონსულტაციებს აწარმოებს პოლონეთსა და ჩვენს სხვა ნატო-ელ მოკავშირეებთან ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად. დარწმუნებული იყავით, ჩვენ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს. ეს ინციდენტი არ უწყობს ხელს განსაკუთრებულ ძალისხმევას, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ბოლო კვირების განმავლობაში გასწია ომის დასრულების მიზნით. 15 აგვისტოს ალიასკის სამიტის შემდეგ რუსეთმა გააძლიერა უკრაინის წინააღმდეგ დაბომბვის კამპანია, რამაც გამოიწვია სამოქალაქო მსხვერპლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება. ეს ქმედებები, აშშ-ის მოკავშირის საჰაერო სივრცის დარღვევასთან ერთად, განზრახ თუ უნებლიეთ, უდიდეს უპატივცემულობას აჩვენებს აშშ-ის კეთილსინდისიერი ძალისხმევისადმი, რომელიც მიზნად ისახავს ამ კონფლიქტის დასრულებას“, – განაცხადა გაეროში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

თარგმანი "საზოგადოებრივი მაუწყებელი"