ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გრძელდება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი
74 კგ წონაში იაპონელი კოტა ტაკაჰაში შეხვედრის დამთავრებამდე 10 წამი ადრე 1:4 აგებდა სლოვაკ ტიმურ სალკაზანოვთან, თუმცა საბოლოოდ შეხვედრის 6:4-ზე მოგება მოახერხა და გიორგი ელბაქიძე რეპეშაჟში გადაიყვანა. ქართველ მოჭიდავეს ტიმურ სალკაზანოვთან ბრინჯაოს მედლის ფინალში შეხვედრამდე რეპეშაჟის ჯერ მეოთხედფინალში, შემდეგ კი ნახევარფინალში გამარჯვება ესაჭიროება.
ამ წონით კატეგორიის მეორე ფინალისტი ოსური სკოლის წარმომადგენლებს, ალბანელ ჩერმენ ვალიევს და რუს ზაურბეკ სიდაკოვს შორის შეხვედრაში გაირკვა. ვალიევი შეხვედრის დასრულებამდე 10 წამით ადრე 2:4-ს აგებდა, მაგრამ ამ დროში მან ჯერ სიდაკოვის ფეხის აწევა და მეორე ფეხში ფეხის გამოკვრით ხალიჩაზე დაგდება და ზემოდან მოქცევა შეძლო და 4:4-ზე წინ გავიდა, შემდეგ კი მეტოქის გააფთრებული შეტევის დროს ისევ თავად მიახერხა 2 ქულის აღება და შეხვედრა 6:4 დასრულდა.
92 კგ წონის ნახევარფინალში ამერიკელმა ტრენტ ნიმონდ ჰიდლეიმ აზრბაიჯანელი ოსმან ნურმაგომედოვი 15:4 დაამარცხა და მირიან მაისურაძეს რეპეშაჟისკენ გაუხსნა გზა. რეპეშაჟის ნახევარფინალში მირიან მაისურაძე შვეიცარიელ სამუელ შერერს და ჩრდილოეთ მაკედონიელ რეჯეპ ჰაჯდარის შორის გამარჯვებულს შეხვდება.