Financial Times-ის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივენ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის როლის შესუსტებას და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ჩართვას.
უიტკოფისა და კუშნერის მიერ მოსკოვსა და კიევში განხორციელებულმა მრავალრიცხოვანმა ვიზიტებმა და შეხვედრებმა სასურველი დიპლომატიური გარღვევა ვერ უზრუნველყო. კრემლის მკაცრი პოზიციისა და კომპრომისებზე წასვლის სურვილის არქონის გამო, პროცესი პრაქტიკულად, ჩიხში შევიდა.
თუკი უიტკოფის მიდგომა უფრო მეტად არაფორმალურად ითვლებოდა, სადაზვერვო უწყების შეფასებებზე დამყარებული კურსი გულისხმობს რუსეთის რეალური ეკონომიკური და სამხედრო რესურსების მკაცრ ანალიზს. რეტკლიფის ბოლოდროინდელი მოსკოვური ვიზიტი და სპეცსამსახურების ხაზით კონტაქტები მიზნად ისახავდა კრემლისთვის ომის გაგრძელების რეალური ფასისა და შედეგების მკაფიოდ ჩვენებას.
ევროპულმა დედაქალაქებმა დადებითად მიიღეს ინფორმაცია შესაძლო საკადრო ცვლილებების შესახებ, რადგან იმედოვნებენ, რომ დაზვერვის ხელმძღვანელის უფრო მკაცრი და ანალიტიკური მიდგომა გაყინულ სამშვიდობო დინამიკას ახალ ბიძგს მისცემს.
კიევში აცხადებენ, რომ მათთვის მთავარია სამართლიანი შედეგი და ნორმალური სამუშაო ურთიერთობა როგორც მოქმედ წარმომადგენლებთან, ისე სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელთან.
მიუხედავად გავრცელებული ცნობებისა, თეთრი სახლი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ტრამპს სრული ნდობა აქვს უიტკოფისა და კუშნერის მიმართ, საბოლოო გადაწყვეტილება კი ჯერ ოფიციალურად მიღებული არ არის.
სავარაუდოა, რომ სტივენ უიტკოფი შეინარჩუნებს სპეცწარმომადგენლის სტატუსს სხვა რეგიონული მისიებისთვის (მათ შორის ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით), ხოლო უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით აქცენტი უფრო მეტად უსაფრთხოებისა და სადაზვერვო კომპონენტების გამოყენებაზე გადაინაცვლებს.




