აშშ-ის მცდელობებმა, შეემცირებინა დიზელის საწვავზე ფასები, რუსეთს საშუალება მისცა, გასულ თვეში მისი ექსპორტი გაეორმაგებინა, თუმცა არც ერთი მიწოდება, რომელიც მოსკოვისთვის საწვავის სანქციების მოხსნის თაობაზე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ გახდა შესაძლებელი, აშშ-მდე არ მისულა. ოქტომბერში რუსეთი საგარეო ბაზრებზე დღეში 271 ათას ბარელ დიზელის საწვავს აწვდიდა, წინა თვის 135 ათას ბარელთან შედარებით, წერს The Financial Times (FT) ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით.

ზრდა მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-მა უკრაინაზე ზეწოლა მოახდინა, რათა მას რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეეწყვიტა, ხოლო 9 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან აშშ-ისა და სხვა ქვეყნების ბაზრებზე საწვავის მიწოდების დაუყოვნებლივი გაზრდის შესახებ შეთანხმების თაობაზე განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული დიზელის საწვავი ამერიკულ ბაზარზე ჯერ კიდევ არ შესულა უკრაინის მხარდამჭერების მცდელობების გამო, ხელი შეუშალონ ტანკერებს ტვირთის მიწოდებაში, რუსეთის ექსპორტი ბრაზილიის, თურქეთისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების მიმართულებით გაიზარდა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ამასთან დაკავშირებით FT-ს განუცხადა: "როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ეს გარიგება მთელი მსოფლიოსთვის არის დადებული. ის მიმართული იყო მსოფლიო ბაზარზე დიზელის საწვავის მიწოდების გაზრდისა და ამერიკელებისთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის ფასების შემცირებისკენ. სწორედ ეს მოხდება".

სულ მცირე, ორმა ტანკერმა, რომლებიც თავდაპირველად აშშ-ისკენ მიემართებოდნენ, ბოლო კვირებში კურსი შეიცვალა. AFP-ის მონაცემებით, კიდევ ორი გემი, რომლებიც დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფებოდნენ, პრიმორსკიდან აშშ-ის მიმართულებით გავიდნენ, მაგრამ შემდეგ მარშრუტები მათაც შეცვალეს. 13 ნოემბერს ტანკერი Leruo ბრაზილიისკენ მიცურავდა, ხოლო Talisman-ი ხმელთაშუა ზღვის ეგვიპტის ტერიტორიულ წყლებში გაემართა.

ტანკერი Agioi Fanendes-ი, რომელიც რუსული დიზელის საწვავითაა დატვირთული, 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ამერიკის სანაპიროსთან თითქმის არ განძრეულა. AFP-ის მონაცემებით, მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი სანქტ-პეტერბურგთან ახლოს მდებარე პრიმორსკის პორტიდან 23 ოქტომბერს 300 ათასი ბარელი საწვავის ტვირთით გავიდა. თავდაპირველად მისი დანიშნულების ადგილი ნიუ-იორკი იყო.

10 ნოემბრის ღამიდან ტანკერი შემდგომი მითითებების მოლოდინში მანევრებს ასრულებდა და ჩრდილოეთ ატლანტისის საერთაშორისო წყლებში ზიგზაგისებური კურსით, ძალიან დაბალი სიჩქარით მოძრაობდა. გემი აშშ-ის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონიდან დაახლოებით 80 კმ-ის დაშორებით იმყოფებოდა. მისმა ბერძენმა მფლობელმა კომპანიამ Eastmed-მა 11 ნოემბერს AFP-ს განუცხადა, რომ ტანკერს დანიშნულების პორტთან დაკავშირებით ჯერჯერობით მითითებები არ მიუღია.