მოსალოდნელზე თბილი ზამთრის შემდეგ ევროკავშირის საცავებში დაგროვილი ბუნებრივი აირის რეკორდული მარაგი იმედს იძლევა, რომ ევროგაერთიანება სწრაფად დაძლევს დამოკიდებულებას რუსულ გაზზე. ამის შესახებ Financial Times წერს.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით ევროკავშირის გაზის საცავები 55.7%-ით არის შევსებული, რაც 2011 წლის აპრილის შემდეგ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ეს დაახლოებით 20%-ით აღემატება გასული 5 წლის მაჩვენებლებს.
"ევროკავშირის საცავები ნახევარზე მეტად სავსეა, რაც ნიშნავს, რომ გათბობის სეზონი კომფორტულ პოზიციაში დავხურეთ",- ამბობს გამოცემასთან საუბარში კადრი სიმსონი, ევროკავშირის ენერგოკომისარი.
კომისრის თქმით, ამგვარად ევროკავშირს აქვს საშუალება კიდევ უფრო მეტად შეამციროს თხევადი გაზის შესყიდვები რუსეთიდან. "განახლებადი ენერგიის წილის ზრდისა და მოწოდების წყაროების შემდგომი დივერსიფიკაციის შედეგად რუსულ თხევად გაზზე უარის თქმას ევროკავშირის რამდენიმე წევრი შეძლებს."