Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-ს არმიის მინისტრი, დენ დრისკოლი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელთან და რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკებებს მართავს. 

ამერიკელი მაღალჩინოსნებისა და წყაროების ცნობით, დრისკოლმა რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკებები 24 ნოემბერს ღამით დაიწყო, ხოლო დისკუსიების გაგრძელება დღესაც იგეგმება.

FT წერს, რომ რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა, ორმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ იგეგმებოდა დრისკოლის შეხვედრა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) მეთაურთან, კირილ ბუდანოვთან.

აშშ-ს მაღალჩინოსნის თქმით, გასულ დღეებში უკრაინელ მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებების პროცესში დრისკოლი აქტიურად იყო ჩართული და, შესაბამისად, საკითხზე რუსულ მხარესთან კომუნიკაციას შეძლებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, სერგეი კისლიცამ, X-ზე დაადასტურა, რომ აბუ-დაბიში დენ დრისკოლმა რუს მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებები გამართა, რაც "მუშაობის ლოგიკური გაგრძელებაა, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი დასრულდეს." 

"მოლაპარაკებები შესაძლოა, სამშაბათსაც გაგრძელდეს," დაამატა კისლიცამ.