აშშ-სა და ევროპის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, გარკვეულ გარემოებებში ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ დასავლურ სამშვიდობო ძალებს რუსეთის ძალების მოგერიება შეეძლებათ - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ZDF-სთან ინტერვიუში განაცხადა და დაამატა, რომ ეს ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა.

როდესაც ჟურნალისტებმა მერცს დეტალები ჰკითხეს იმ შესაძლო უსაფრთხოების გარანტიებზე, რომლებიც 15 დეკემბერს ბერლინში გამართულ მოლაპარაკებებზე აშშ-ს წარმომადგენლებმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად განიხილეს, მერცმა თქვა, რომ გარანტორებს რუსეთის ძალების მოგერიება იმ შემთხვევაში მოუწევთ, თუ ცეცხლის შეწყვეტის პირობები დაირღვევა.

"ჩვენ დავიცავდით დემილიტარიზებულ ზონას დაპირისპირებულ მხარეებს შორის და ძალიან კონკრეტულად რომ ვთქვათ, ვიმოქმედებდით შესაბამისი რუსული შეჭრებისა და თავდასხმების წინააღმდეგაც. ჩვენ ჯერ აქ არ ვართ. ის ფაქტი, რომ ამერიკელებმა ასეთი ვალდებულება აიღეს - ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინის დაცვა ისე, თითქოს ის NATO-ს ტერიტორია იყოს - ვფიქრობ, ეს შეერთებული შტატების მხრიდან მართლაც აღსანიშნავი ახალი პოზიციაა" - განაცხადა მან.

ცნობისთვის, 15 დეკემბერს ბერლინში რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლების ორდღიანი მოლაპარაკებები დასრულდა, რომლებსაც მერცი თავად ესწრებოდა.