გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში გამოუცხადებელი ვიზიტით კვირას დილით ჩავიდა. მერცს თან ახლავს ეკონომიკის მინისტრი კატერინა რაიხე და ათი მეწარმე, რომლებიც თავდაცვისა და ენერგეტიკის დარგებს წარმოადგენენ.

"დღეს კიევში ჩამოვედი, რადგან უახლოეს კვირებში უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. თუ რუსეთს არ შევაჩერებთ, მისი სამხედრო მანქანა ადრე თუ გვიან ჩვენს წინააღმდეგ შემობრუნდება", — განაცხადა მერცმა რკინიგზის სადგურზე ჩასვლისას.

"მალე ხალხისთვის ომის მეხუთე ზამთარი დადგება. რუსეთი ბომბავს ქალაქებს, საცხოვრებელ სახლებსა და თბოელექტროსადგურებს. უკრაინელებს ტერორით ვერ გატეხენ", — აღნიშნა კანცლერმა.

მან დასძინა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და მასაც დაარწმუნებს მხარდაჭერის შენარჩუნებაში. "ჩვენი პარტნიორობა ორმხრივი მოძრაობის ქუჩაა. გერმანული და უკრაინული კომპანიები ერთობლივად ქმნიან ტექნოლოგიებს, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა. ეს ჩვენ უფრო დაცულსა და ძლიერს გვხდის", — შეაჯამა კანცლერმა.

როგორც dpa და Reuters სამთავრობო წრეების წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, მერცი კიევში გამოაცხადებს უკრაინის დახმარების პაკეტს, რომელიც მოიცავს 1 მილიარდი ევროს ღირებულების შეიარაღებასა და 350 მილიონ ევროს ენერგეტიკული სექტორის აღსადგენად. სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია გერმანიასა და უკრაინაში სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივ წარმოებაზე. საკვანძო ელემენტია კომპანია Quantum-ის დრონების დაჩქარებული წარმოება, რომლებმაც უკვე გაიარეს წარმატებული გამოცდა და რეაქტიული დრონების გადასაჭერად არის განკუთვნილი.

პაკეტი ასევე მოიცავს 1000 კმ-ზე მეტი მოქმედების რადიუსის მქონე შორ მანძილზე მოქმედი იარაღის ერთობლივ შემუშავებასა და წარმოებას, აღნიშნავს Reuters.