უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებამდე, რუსი სპორტსმენები ვერ შეძლებენ მონაწილეობის მიღებას ფინეთისა და ნორვეგიის ტერიტორიაზე გამართულ შეჯიბრებებში. ამ ქვეყნების მთავრობებმა რუსეთის ფედერაციის სპორტსმენებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ განაცხადეს.

ფინეთის ხელისუფლებამ, კერძოდ, მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლა წარმოადგენს საფრთხეს ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. ზუსტდება, რომ ახალი შეზღუდვები შეეხებათ მათ, ვინც ითხოვს ვიზას მოკლევადიანი სამუშაოსთვის, მათ შორის, პროფესიული სპორტის სფეროში.

16 ნოემბრიდან ფინეთის ხელისუფლება ამ რეზოლუციას გაითვალისწინებს ვიზის მიღების განაცხადების განხილვისა და ქვეყანაში შესვლისა და მოკლევადიანი ყოფნის პირობების შეფასებისას.

"სანამ რუსეთის აგრესიული ომი გრძელდება, რუს სპორტსმენებს ფინეთში არაფერი ესაქმებათ, - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა - მათი ქვეყანაში შემოსვლა საფრთხეს შეუქმნიდა ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობებს. იგივე ეხება სხვა სახის მოკლევადიან სამუშაოს ვიზით, რომელსაც არ აქვს მნიშვნელობა ფინეთის ეროვნული ინტერესებისთვის".

აღნიშნულია, რომ ქვეყანაში შესვლაზე უარი შეიძლება ეთქვათ იმ რუსებსაც, რომლებსაც სურთ ფინეთში შენგენის ზონის სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული შენგენის ვიზით შესვლა.

შეზღუდვები ასევე შეეხებათ სპორტსმენებს რუსეთიდან, რომლებიც აპირებენ ნეიტრალური სტატუსით გამოსვლას, აღნიშნულია პრესრელიზში. "რუსეთი იყენებს სპორტს პროპაგანდის მიზნით და სურს სპორტის გამოყენება თავისი უკანონო აგრესიული ომის მიზნების მისაღწევად", - აცხადებს ფინეთის მთავრობა.

მოგვიანებით, იმავე დღეს, ნორვეგიამ მსგავსი ზომების შესახებ განაცხადა. "ნორვეგიაში უკვე არსებობს მკაცრი წესები რუსეთიდან და ბელარუსიდან პირებისთვის ვიზების მიღებისა და შემოსვლის შესახებ. თუმცა, საერთაშორისო ასოციაციების მხრიდან დაშვებული გამონაკლისები საშუალებას აძლევს პროფესიონალ სპორტსმენებს და მათ თანმხლებ პირებს, იმოგზაურონ ნორვეგიაში სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად. მთავრობას სურს, ხელი შეუშალოს პროფესიონალი სპორტსმენებისა და მათი თანმხლები პირების შემოსვლას ამ ქვეყნებიდან, სანამ უკრაინაში ომი გრძელდება", - ნათქვამია ნორვეგიის მთავრობის განცხადებაში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაბამისი ცვლილებები მალე ამოქმედდება. "რუსული პროფესიული სპორტი მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის ხელისუფლებასთან და სამთავრობო სტრუქტურებთან. ამიტომ, მთავრობა მიიჩნევს, რომ რუსეთის მონაწილეობა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში არ შეიძლება განხილულ იქნეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიული ომისგან განცალკევებით. ბელარუსი მხარს უჭერდა და ხელს უწყობდა რუსეთის მიერ ომის წარმოებას", - ხსნის თავის პოზიციას ოსლო.