უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა, 18 აგვისტოს მიმართვაში მოუწოდა არ დაუშვან, რომ რუსეთმა განსაზღვროს თუ როდის შეძლებენ უკრაინელები კვლავ აირჩიონ საკუთარი მთავრობა.

„ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ფუნდამენტურ კითხვას: როგორ უნდა ფუნქციონირებდეს სახელმწიფო, თუ ომი წლები გაგრძელდება?

და შემდეგი  - თუ ომი კიდევ გაგრძელდება ერთი წელი? ორი?  სამი?

შეუძლია თუ არა რუსეთს ფაქტობრივად მოიპოვოს უფლება, განსაზღვროს, თუ როდის შეძლებენ უკრაინელები საკუთარი მთავრობის კვლავ არჩევას?

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ არის. დემოკრატია არ შეიძლება იყოს რუსეთის მძევლა“ - განაცხადა Українська правда-ს ცნობით, უკრაინის თავდაცვის ექსმინისტრმა ფედოროვმა იუთუბ არხზე ოირდაპირი გამოსვლისას.  

ფედოროვის მტკიცებით, უკრაინამ უნდა იპოვოს სამართლებრივი, უსაფრთხო და რეალისტური მექანიზმი, რომელიც თუნდაც გაჭიანურებული ომის კონტექსტში მისცემს  საშუალებას განაახლოს სრულფასოვანი დემოკრატიული პროცესი.

„რთულია. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ხმის მიცემის უფლება სამხედროებისთვის. საზღვარგარეთ მყოფი მილიონობით უკრაინელისთვის. ფრონტის ხაზზე მყოფი რეგიონების მოსახლეობისთვის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ საარჩევნო პროცესის უსაფრთხოება, ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და შედეგებისადმი ნდობა.

მაგრამ სირთულე არ ნიშნავს შეუძლებელს. უკრაინამ არაერთხელ გააკეთა ის, რასაც მსოფლიო შეუძლებლად მიიჩნევდა“ - განაცხადა ფედოროვმა.

ყოფილი მინისტრი ასევე ამტკიცებს, რომ „განსაკუთრებით საშიშია, როდესაც საზოგადოებაში იქმნება განცდა, რომ პირის დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი არის არა მისი პროფესიონალიზმი, მისი შედეგები და  მისი უნარი, შეცვალოს ქვეყანა, არამედ მისი პირადი ლოიალურობა სისტემის მიმართ.“

მისი თქმით:

„თანამედროვე სახელმწიფო ასე არ შეიძლება ფუნქციონირებდეს. მით უმეტეს არ შეიძლება ასე ფუნქციონირებდეს ქვეყანა, რომელიც არსებობისთვის ომს აწარმოებს.

ასევე უნდა ვისაუბროთ კორუფციაზე. არა იმიტომ, რომ ეს მოდური სიტყვაა.

არამედ იმიტომ, რომ ომის დროს კორუფცია სრულიად სხვა მნიშვნელობას იძენს.“

გარდა ამისა, ფედოროვმა აღნიშნა, რომ იმ სიტუაციაში, როდესაც ომი გრძელდება, რუსეთის ფედერაცია ცვლის ტაქტიკას და ყოველდღიურად საჭიროა კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, უკრაინა ვერ დარჩება თავდაცვის სრულფასოვნად დანიშნული მინისტრის გარეშე. „ეს არ არის ნორმალური" - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვერხოვნას რადას წარუდგინა ხმარას და სიბიჰას კანდიდატურები თავდაცვის მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობებზე.

უკრაინაში ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხაილ ფედოროვის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს. კვირას, 16 აგვისტოს, კიევის ცენტრში გაიმართა მსვლელობა, რომელიც მოითხოვდა ფედოროვის თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას და მთავრობასა და საზოგადოებას შორის დიალოგს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ