ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობა ავრცელებს.
"სესხი ხელს შეუწყობს 2026-2027 წლებში უკრაინის გადაუდებელი საბიუჯეტო და თავდაცვითი საჭიროებების დაფინანსებას", - წერს კვიპროსის თავმჯდომარეობა X-ზე.
ევროკავშირის მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს ცვლილებამ მოხსნა უკანასკნელი სამართლებრივი ბარიერი, რაც უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას შესაძლებელს ხდის მიმდინარე და მომდევნო წლებში.
ასევე, საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტიც დაამტკიცა.
"უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის ესკალაციის საპასუხოდ, საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი მიიღო", - აცხადებს კვიპროსის თავმჯდომარეობა.




