ევროპული სპეცსამსახურები და უსაფრთხოების სამსახურები ცდილობენ, დაადგინონ, მოდიოდა თუ არა რუსეთიდან ევროპული ავიაკომპანიების თვითმფრინავების აფეთქების შესახებ კოორდინირებული მუქარები, რომლებიც ამ კვირაში გავრცელდა. ამის შესახებ The Financial Times (FT) წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მიმდინარე კვირაში ათობით ევროპული თვითმფრინავის ექსპლუატაციიდან ამოღება გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც ელექტრონული ფოსტით გავრცელდა ანონიმური შეტყობინებები ევროპულ ქალაქებს შორის მოძრავი საჰაერო ხომალდების ბორტზე არსებული ბომბების შესახებ. ანალიტიკოსები მომხდარს უკიდურესად უჩვეულო თავდასხმას უწოდებენ.
დაზვერვის სამსახურების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ტრანსსასაზღვრო გამოძიება ევროპული სპეცსამსახურებისა და უსაფრთხოების ორგანოების მონაწილეობით, რომელიც მუქარის წყაროს დადგენისკენაა მიმართული. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ კამპანიასთან დაკავშირებული პირების შესახებ კონკრეტული დასკვნების გაკეთება ჯერ კიდევ ნაადრევია. ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ დამნაშავეების დადგენა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რამაც შესაძლოა, დიდი დრო წაიღოს, ან საერთოდ უშედეგოდ დასრულდეს.
საბოლოო დასკვნების არარსებობის მიუხედავად, ევროპის სადაზვერვო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ ყველაზე სავარაუდო დამნაშავე რუსეთია. არგუმენტად მათ მოტივები, მეთოდები, წინა მსგავსი შემთხვევები და გამოძიების პირველადი კრიმინალისტიკური მონაცემები მოჰყავთ.
მუქარები გავრცელდა ჰიბრიდული კამპანიის გაძლიერების ფონზე, რომელსაც კრემლის აგენტები ევროპაში მიმდინარე წელს ახორციელებენ. ამ საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სისუსტეების ისე გამოყენებაა, რომ თავდასხმებთან კავშირის უარყოფა იყოს შესაძლებელი. მიზანი ევროპულ საზოგადოებაზე ზეწოლის გაძლიერებაა ყოველდღიური ცხოვრების რიტმის დარღვევისა და იმის შთაბეჭდილების შექმნის ხარჯზე, რომ მთავრობებს საკუთარი მოქალაქეების დაცვა არ შეუძლიათ.
ევროპული სპეცსამსახურების სამუშაო ვერსია, რომლებიც მომხდარს ბოლო დღეებში განიხილავდნენ, მდგომარეობს იმაში, რომ კოორდინირებული მუქარები შესაძლოა, პროკრემლისტური აქტივისტების ან ჰაკერული დაჯგუფებების მიერ ყოფილიყო ორგანიზებული. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავდასხმის უკან სწორედ ისინი იდგნენ, გაურკვეველი რჩება, რა როლს თამაშობდნენ რუსული სპეცსამსახურები — წარმართავდნენ, ახალისებდნენ თუ გასცემდნენ ნებართვას ამ საქმიანობაზე.




