ევროპის 20 ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები კონტინენტზე სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მხარდაჭერის მიზნით ერთობლივ წერილში აღნიშნავენ, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინას უნდა მიენიჭოს რეალური უსაფრთხოების გარანტიები, არ უნდა მოხდეს მისი შეიარაღებული ძალების შეზღუდვა და ზოგადად უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებებში ჩართული უნდა იყოს თავად უკრაინაც.
ამასთან, წერილის ავტორები მოითხოვენ ევროპელი ლიდერების შეხვედრას და მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, ამ საკითხში დაიკავოს ერთიანი და პრინციპული პოზიცია. ისინი ასევე ხაზს უსვამენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომი და შემდგომი მშვიდობა, "ევროპულ უსაფრთხოებას" თაობების განმავლობაში განსაზღვრავს.
წერილს, მათ შორის, ხელს აწერენ გაერთიანებული სამეფოს, იტალიის, საფრანგეთის, უკრაინის, პოლონეთის, ფინეთის, შვედეთის, ესპანეთის პორტუგალიის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, ლუქსემბურგის, ლატვიის, ლიტვის, ირლანდიის, ისლანდიის, დანიის, ესტონეთის, ბელგიის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები.
"ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და არის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართალსა და სრულად სცემს პატივს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ასეთი მშვიდობა ვერ იქნება მიღწეული აგრესორის დაჯილდოებით ან მასთან დათობაზე წასვლით; ამას ესაჭიროება ხანგრძლივი წნეხი რუსეთზე და ურყევი მხარდაჭერა უკრაინისთვის, რათა ნებისმიერი გამოსავალი წარმატებული იყოს." - ვკითხულობთ წერილში.
ერთობლივი განცხადების მიხედვით, "უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს რეალური - დაფუძნებული იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებებზე და გამყარებული უნდა იყოს უკრაინაში დამზღვევი ძალებითა და შესაძლებლობებით, რომელიც საჭიროა სამომავლო აგრესიის აღსაკვეთად".
განცხადების ავტორები ასევე წერენ, რომ შეთანხმების ფარგლებში არ უნდა დაწესდეს შეზღუდვები უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე ან მის "შიდა ან საგარეო პოლიტიკაზე". ამასთან, "ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტით."
"ევროპა უნდა დადგეს ერთიანად, პრინციპულად და შეურყევლად. ჩვენი ღირებულებები, ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი კონტინენტის მომავალი დამოკიდებულია იმის უზრუნველყოფაზე, რომ ნებისმიერი მიღწეული მშვიდობა გაღებული თავგანწირვისა და უკრაინის სიმამაცისა და გამძლეობის ღირსია - მშვიდობა, რომელიც ემყარება სამართალს, კანონსა და ხანგრძლივ უსაფრთხოებას." - წერენ ევროპული ქვეყნების პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტთა თავმჯდომარეები.




