კანაფის შენახვა/მოხმარება, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში არალეგალურია, თუმცა ბევრ ქვეყანაში, დაწესებული რაოდენობის ფარგლებში მარიხუანის შენახვა/მოხმარება და დათესვა დეკრიმინალიზებულია. აშშ-ის ბევრ შტატში, კანაფის სამედიცინო დანიშნულების მიზნით გამოყენება დაშვებულია, თუმცა კანონით მაინც არალეგალურია.
2016 წელს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრალია, ბანგლადეში, კამბოჯა, კანადა, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა, ჩეხეთი, გერმანია, ინდოეთი, იამაიკა, მექსიკა, ჰოლანდია, პორტუგალია, ესპანეთი, ურუგვაი და აშშ-ის ზოგიერთი შტატი, მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებული კანონები ყველაზე მსუბუქია, ხოლო ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, ეგვიპტე, საფრანგეთი, ინდონეზია, იაპონია, მალაიზია, ნიგერია, ნორვეგია, ფილიპინები, პოლონეთი, საუდის არაბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, თურქეთი, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ვიეტნამი, კანაფის მოხმარების ყველაზე მკაცრი კანონებია.
ეს კი ევროპის ის ქვეყნებია, სადაც მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია.
ავსტრია
ავსტრიაში 2016 წლის იანვრიდან, 5 გრამამდე რაოდენობის მარიხუანის შენახვა და ყიდვა დეკრიმინალიზებულია.
ბელგია
ბელგიაში 2003 წლიდან სრულწლოვანი მოქალაქეებისათვის 3 გრამამდე მარიხუანის შენახვა და ერთი ძირის მოყვანა დეკრიმინალიზებულია.
ხორვატია
ხორვატიაში 2015 წლიდან მარიხუანის შენახვა, გამოყენება და გაყიდვა მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით დეკრიმინალიზებულია.
ჩეხეთი
ჩეხეთში 2010 წლიდან 15 გრამამდე მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შენახვა/მოხმარება და 5 ძირამდე მცენარის მოყვანა დეკრიმინალიზებულია. 2013 წლიდან კი დეკრიმინალიზებული გახდა სამედიცინო დანიშნულებით მარიხუანის გაყიდვა და ამავე დანიშნულებით 15 გრამამდე ტრანსპორტირება.
ესტონეთი
ესტონეთში 7.5 გრამამდე მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შენახვა დეკრიმინალიზებულია და ჯარიმით ისჯება, ხოლო აღნიშნული რაოდენობის გადაჭარბების შემთხვევაში, 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
გერმანია
გერმანიაში მარიხუანა არალეგალურია, თუმცა პირადი მოხმარების მიზნით გამოყენება ლეგალურია, ვინაიდან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებად მიიჩნევა და კრიმინალურ აქტს არ წარმოადგენს. მარიხუანის გაყიდვა, ტრანსპორტირება და მოყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაშია ლეგალური, თუ Federal Institute of Drugs and Medical Devices მიერაა ნებართვა გაცემული.
საბერძნეთი
საბერძნეთში მარიხუანის შენახვა დეკრიმინალიზებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაოდენობა არ აღემატება 0.5 გრამს.
იტალია
იტალიაში მარიხუანის შენახვა/მოხმარება დეკრიმინალიზებულია მხოლოდ სამედიცინო ან რელიგიური დანიშნულების მიზნით.
ლუქსემბურგი
ლუქსემბურგში მარიხუანის შენახვა/მოხმარება 2001 წლიდან დეკრიმინალიზებულია და მხოლოდ 250-2500 ევრომდე ჯარიმით ისჯება.
მაკედონია
მაკედონიაში მარიხუანის შენახვა/მოხმარება და გაყიდვა მხოლოდ სამედიცინო მიზნითაა დეკრიმინალიზებული.
მალტა
მალტაში 3.5 გრამამდე მარიხუანის შენახვა/მოხმარება დეკრიმინალიზებულია.
მოლდოვა
მოლდოვაში მცირე დოზით მარიხუანის შენახვა/მოხმარება, ტრანსპორტირება და მოყვანა კრიმინალურ დანაშაულად არ ითვლება და დეკრიმინალიზებულია.
პორტუგალია
2001 წელს პორტუგალია მსოფლიოს პირველი ქვეყანა გახდა, სადაც დეკრიმინალიზაცია ყველა სახის ნარკოტიკულ საშუალებას შეეხო. პორტუგალიაში მარიხუანის შენახვა/მოხმარება, ტრანსპორტირება და მოყვანა კრიმინალურ დანაშაულად არ ითვლება.
ჰოლანდია
ჰოლანდიაში მარიხუანა დეკრიმინალიზებულია 1976 წლიდან. 5 გრამამდე მარიხუანის შენახვა/მოხმარება საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებსა და ე.წ. coffeeshop-ებში დეკრიმინალიზებულია. გაყიდვა/ტრანსპორტირება დეკრიმინალიზებულია მხოლოდ coffeeshop-ებში. აგრეთვე დეკრიმინალიზებულია 5 ძირი კანაფის მცენარის მოყვანა.
პოლონეთი
პოლონეთში მარიხუანის შენახვა, მოხმარება და გაყიდვა ლეგალურია მხოლოდ სამედიცინო დანიშნულების მიზნით.
რუსეთი
რუსეთში 6 გრამამდე მარიხუანის შენახვა/მოხმარება და ტრანსპორტირება დეკრიმინალიზებულია. აგრეთვე დეკრიმინალიზებულია 20 მარიხუანის მცენარის კულტივირება.
სლოვაკეთი
სლოვაკეთში მარიხუანის შენახვა, მოხმარება დეკრიმინალიზებულია.
ესპანეთი
ესპანეთში კანაფის გაყიდვა დაპატიმრებით ისჯება, ხოლო ტრანსპორტირება დეკრიმინალიზებულია. რაც შეეხება მარიხუანის შენახვა/მოხმარებას - ლეგალურია მხოლოდ პირად სივრცეში გამოყენების შემთხვევაში და არა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში. აგრეთვე ლეგალურია მცენარის მხოლოდ პირადი დანიშნულების მიზნით მოყვანა. მარიხუანის მცენარე არ უნდა იყოს დათესილი ღია სივრცეში ან საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში.
შვეიცარია
შვეიცარიაში 2012 წლიდან მარიხუანის 10 გრამამდე შენახვა/მოხმარება დეკრიმინალიზებულია და ჯარიმით ისჯება.
თურქეთი
თურქეთში მარიხუანის შენახვა, მოხმარება დეკრიმინალიზებულია მხოლოდ სამედიცინო დანიშნულების მიზნით. ასევე დეკრიმინალიზებულია მცენარის მოყვანა სამედიცინო ან სამეცნიერო დანიშნულების მიზნით.
უკრაინა
უკრაინაში მარიხუანის შენახვა/მოხმარება და ტრანსპორტირება დეკრიმინალიზებულია, თუ რაოდენობა არ აღემატება 5 გრამს. რაც შეეხება მცენარის მოყვანას, დეკრიმინალიზებულია აგრეთვე, თუ დათესილი მცენარეების რაოდენობა 10-ს არ აღემატება.