ევროპის არაერთი ქვეყნის ტურისტი ავსტრიის პაცნაუნის ხეობაში დაინფიცირდა, თუმცა სულ უფრო და უფრო მეტი მტკიცებულებების მიუხედავად, იქ არსებული საბაგიროები და ბარები რამდენიმე დღის წინ ჯერ კიდევ ფუნქციონირებდნენ.
ავსტრიის ტიროლში, შვეიცარიის საზღვართან ახლოს, ზღვის დონიდან 1377 მეტრის სიმაღლეზე მდებარე სამთო-სათხილამურო კურორტი იშგლი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. "ალპების იბიცა"-დ წოდებულ 1600-მდე მაცხოვრებლიანი სოფლის გარშემო არსებულ 52 კმ საერთო სიგრძის სათხილამურო ტრასებზე, რომელთა სიმაღლეები 1400-დან 2864 მეტრამდეა, დღე-ღამის განმავლობაში არის შესაძლებელი სრიალი. აქ 42 საბაგირო და ათეულობით რესტორანი, კაფე, ბარი, კლუბი ემსახურება ტურისტებს. აქ ყოველწლიურად მილიონობით კუბური მეტრი ხელოვნური თოვლი იწარმოება.

პაცნაუნის ხეობაში არსებული სამთო-სათხილამურო ტრასები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენს სკანდინავიის ქვეყნებში (დანია, ნორვეგია, შვედეთი და აგრეთვე ისლანდია) და გერმანიაში. ამ ქვეყნებს შორის ისლანდია იყო პირველი, რომელმაც 5 მარტს აღნიშნული ხეობა, იქედან დაბრუნებულ დამსვენებელთა შორის არსებულ ბევრი ინფიცირებულის გამო, სახიფათო ზონად გამოაცხადა.

კორონავირუსით ინფიცირებულ ნორვეგიელთა ნახევარზე მეტი, აგრეთვე დანიელ ინფიცირებულთა მესამედი აცხადებს, რომ იმყოფებოდა იშგლში. ჩრდილოეთ გერმანიაში იზრდება იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც იშგლში დასვენების შემდეგ დაინფიქცირდნენ. 7 მარტიდან გავრცელებულ ცნობებს ნორვეგიიდან, ტიროლიდან დაბრუნებულთა შორის არსებულ დაინფიცირების ბევრი შემთხვევების შესახებ, 8 მარტს ტიროლის ჯანმრთელობის სამსახურმა უპასუხა, რომ "სამედიცინო თვალსაზრისით, ძალიან მცირეა ალბათობა" ბარ "Kitzloch"-ში სტუმრების დაინფიცირებისა.

ავსტრიული Der Standard აღნიშნავს, რომ ბიზნესის მხრიდან გამოჩენილი "სიხარბის" შედეგად, ჯერ კიდევ კვირას, მას შემდეგაც კი, რაც პაცნაუნის ხეობა ვირუსის გამო გამოცხადდა დახურულად, ზოგიერთი ადგილზე საბაგიროები ნორმალურ რეჟიმში აგრძელებდნენ მუშაობას.

ტიროლის ხელისუფლება უარყოფს პრესაში გავრცელებულ ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ზომები არ იქნა დროულად მიღებული და ჯერ კიდევ 3 დღის წინ პაცნაუნის ხეობაში ტურისტებს ემსახურებოდნენ საბაგიროები, გრძელდებოდა ტრასებზე სრიალი, ბარებში, რესტორნებში, კაფეებში და კლუბებში ტურისტები ჩვეულ რეჟიმში იყვნენ დაკავებულები ცეკვით, ფლირტით თუ დროსტარებით. ტიროლის გუბერნატორი, რეგიონალური ლიდერები და იშგოლის მერი ერთხმად აცხადებენ, რომ მათ ყველა ნორმა დაიცვეს.
[caption id="attachment_643795" align="alignnone" width="386"]

[/caption]
დღეისთვის ძნელად სავარაუდოა, რამდენად შორს წავა ჯაჭვი პაცნაუნიდან. დადგენილად მიიჩნევა, რომ მრავალრიცხოვან ტურისტების, განსაკუთრებით სკანდინავიიდან და გერმანიიდან, დაინფიცირების პირველწყარო Apres Ski Bar Kitzloch-ის ბარმენი იყო. ვარაუდობენ, რომ აქ დაინფიცირდა დასასვენებლად მყოფი ზალცბურგელი ანესთეზიოლოგი და შემდეგ მისგან გადაედო ვირუსი 100-ზე მეტ მასთან კონტაქტში მყოფ პირს, მათ შორის ექიმებს, ექთნებს, ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრებს. დაინფიცირდა ექიმის პარტნიორი, რომელიც ნაადრევად დაბადებული ბავშვების ცენტრში მუშაობს და რომელსაც ჩვილებთან კონტაქტები ჰქონდა. ინფიცირებული აღმოჩნდა კიდევ ერთი ბარმენი და ამჟამად სასტუმროს ბარის 80-მდე თანამშრომელია იზოლირებული.

ექვსთვიანი (ნოემბრიდან-მაისამდე) სეზონის დასრულების აღსანიშნავი ყოველწლიური საზეიმო ღონისძიებების და როკ-ვარსკვლავების მონაწილეობით (წელს, 2 მაისს, იტალიელი ეროს რამაზოტის ელოდნენ) კონცერტის გამართვამდე 7 კვირით ადრე, გასულ პარასკევს, პაცნაუნის ხეობა საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ავსტრიული პრესა დამნაშავეთა გამოვლენას და მათი პასუხისგებაში მიცემას არ გამორიცხავს.

მომზადებულია ავსტრიულ-გერმანული პორტალების მიხედვით