ევროპარლამენტმა ბრიუსელში მიიღო რეზოლუცია, რომელშიც განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინელი ბავშვების მიმართ გენოციდის იურიდიულ განმარტებას შეესაბამება. დეპუტატებმა მოუწოდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ოფიციალურად აღიარონ ეს ქმედებები გენოციდად. რეზოლუციას მხარი 536-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო - 8, თავი შეიკავა 37-მა.

ევროპარლამენტარებმა გაეროს გენოციდის შესახებ კონვენციის მე-2 მუხლის (e) პუნქტი მოიშველიეს. ის გენოციდის აქტებს მიაკუთვნებს ბავშვების ძალადობრივ გადაცემას ერთი ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფიდან მეორეში, თუ ეს კეთდება ასეთი ჯგუფის სრულად ან ნაწილობრივ განადგურების განზრახვით. რეზოლუციაში ევროპარლამენტმა დაგმო უკრაინელი ბავშვების სისტემატური დეპორტაცია და იძულებითი გადაადგილება, მათი უკანონო გაშვილება და იძულებითი რუსიფიკაცია.

11 ნოემბრის დებატებზე ლატვიელმა დეპუტატმა რიჰარდს კოლსმა, რომელიც მემარჯვენე-კონსერვატიული ფრაქცია "ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორების" სახელით გამოდიოდა, ყურადღება გაამახვილა იმ ჩინოვნიკების როლზე, რომლებიც ბავშვების დოკუმენტებს ცვლიან. "პუტინი თავად არ აყალბებს დაბადების მოწმობებს", - თქვა მან. კოლსის თქმით, ამ სისტემას მხარს უჭერს ათასობით მოსამსახურე, ბანაკების ხელმძღვანელი და საოკუპაციო ადმინისტრაციების ჩინოვნიკი. მან მომხდარს გენოციდი უწოდა და მოითხოვა სანქციების გავრცელება ყველაზე, ვინც ამ სისტემის მუშაობას უზრუნველყოფს.

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა იმავე დებატებზე განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია რუსეთის მთავრობის პოლიტიკაა, რომელიც პირადად ვლადიმერ პუტინმა მოიწონა.

ევროპარლამენტმა მოითხოვა, დაუყოვნებლივ დაიხუროს ინტერნეტ-კატალოგები, რომლებშიც უკრაინელ ბავშვებს გასაშვილებლად და მიმღებ ოჯახებში გადასაცემად სთავაზობენ. დეპუტატებმა ასევე მოუწოდეს რუსეთსა და ბელარუსს, უკრაინასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწოდონ სრული და გადამოწმებადი ინფორმაცია გაყვანილი ბავშვების ვინაობის, ადგილსამყოფელის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სამართლებრივი სტატუსის შესახებ. მოსკოვისგან მათ მოითხოვეს, რომ "წითელ ჯვარს", UNICEF-სა და სხვა დამოუკიდებელ ორგანიზაციებს ბავშვებთან შეუფერხებელი და რეგულარული წვდომა უზრუნველყოს.

რეზოლუციაში დეპუტატებმა დაგმეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელი ბავშვებისა და ახალგაზრდების სამხედრო მომზადება, მათ შორის, იარაღთან და დრონებთან მოპყრობის სწავლება, სამხედრო წვრთნები და "იუნარმიაში" ჩართვა. ევროპარლამენტმა ასევე დაგმო ბავშვებისა და ახალგაზრდების იძულება, იომონ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.