ევროპულმა პარლამენტმა სტრასბურგში გამართულ პლენარულ სხდომაზე, კენჭი უყარა პოლონეთიდან დამოუკიდებელი ევროპარლამენტარის, გჟეგოჟ ბრაუნისათვის იმუნიტეტის მოხსნას. ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტარებმა პოლონეთის გენერალური პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს, რაც დაკავშირებულია მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის მიერ ევროპელების წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდის დანაშაულის ბრაუნის საჯარო უარყოფასთან.
"როგორც ამტკიცებენ, 2025 წლის სექტემბერში ვარშავაში გამართული საჯარო დებატების დროს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, გჟეგოჟ ბრაუნმა საჯაროდ და ფაქტების საწინააღმდეგოდ უარყო გენოციდის დანაშაულები, რომლებიც 1941-1944 წლებში მესამე რაიხის თანამდებობის პირების მიერ ნაცისტურ გერმანულ საკონცენტრაციო და სასიკვდილო ბანაკ აუშვიც-ბირკენაუში იყო ჩადენილი", — ნათქვამია ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაში.
პოლონეთის გენერალური პროკურორის მოთხოვნის თანახმად, ამ დებატების ჩანაწერის ნახვამ აჩვენა, რომ ბრაუნის განცხადებები ებრაელი პატიმრების გაზის კამერებში განადგურების შესახებ "აშკარად ეწინააღმდეგება ისტორიულ სიმართლეს", ხოლო ჰოლოკოსტის დანაშაულების უარყოფა პოლონურ კანონმდებლობას არღვევს.
ევროპარლამენტარისთვის იმუნიტეტის მოხსნა არ ნიშნავს მისი ბრალეულობის აღიარებას, არამედ მხოლოდ ეროვნულ საგამოძიებო ორგანოებს აძლევს საქმის გამოძიების ჩატარების საშუალებას.




