ევროპარლამენტის 120-ზე მეტმა წევრმა (MEP) ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოს ღია წერილით მიმართა. ინიციატივის მთავარი მიზანია, ევროკავშირში დაბლოკილი რუსეთის სახელმწიფო აქტივებიდან 200 მილიარდ ევროზე მეტი უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისა და აღდგენისთვის იქნეს გამოყენებული. 

შვედი ევროპარლამენტარის, კარინ კარლსბროს ორგანიზებითა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელთა ხელმოწერით, კანონმდებლები მოითხოვენ, რომ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ განაახლოს მუშაობა ამ საკითხზე. ინიციატივას მხარს უჭერს შვედეთის, პოლონეთის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის მთავრობების მიერ წამოწყებული მსგავსი მოწოდებაც.  

მთავარი დაბრკოლება, რის გამოც მსგავსი ინიციატივები წარსულში ვერ შეთანხმდა, ბელგიის პოზიცია და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი იყო. რუსული აქტივების დიდი ნაწილი (დაახლოებით 180 მილიარდი ევრო) ბელგიურ საბროკერო კომპანია Euroclear-ში ინახება. ახალი წინადადებით, შეიქმნება სპეციალური ევროპული მექანიზმი, რომელიც აქტივებს ცენტრალიზებულად გააკონტროლებს და ყველა სამართლებრივ რისკს მთელ ევროკავშირზე გადაანაწილებს, რათა ბელგიას მარტო არ მოუწიოს პასუხისმგებლობის აღება.  

ევროპარლამენტარების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა უკრაინისთვის 2026–2027 წლებისთვის 90 მილიარდიანი სესხი გამოყო, უკრაინის ზარალი უკვე 600 მილიარდ ევროს აჭარბებს და არსებული დახმარება საკმარისი არ არის. ინიციატორები მიიჩნევენ, რომ "პრინციპი მკაფიო უნდა იყოს: რუსეთმა უნდა აგოს ფინანსური პასუხი თავისი აგრესიული ომისთვის".