მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად, უკრაინაზე რუსეთის სისტემატური თავდასხმები აჩვენებს, რომ მოსკოვს მშვიდობა არ სურს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა განაცხადა.
ანუარ ელ ანუნი სამშვიდობო პროცესში აშშ-ის ძალისხმევას მიესალმება, თუმცა, მისივე თქმით, რუსეთი უკრაინაში მშვიდობის დამყარების სურვილს არ ავლენს.
„ჩვენ მივესალმებით შეერთებული შტატების ძალისხმევას, რომელიც უკრაინაში მკვლელობებისა და რუსეთის აგრესიული ომის დასრულების, ასევე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ არის მიმართული. საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს. უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებების წინსვლის ერთგულია და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას თითქმის ერთი წლის წინ დათანხმდა. მეორე მხრივ, რას ვხედავთ? ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი უკრაინაზე დაუნდობელ თავდასხმებს განაგრძობს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი მშვიდობისთვის მზად არ არის“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ჯერ კიდევ „ვერ ხედავს ხელშესახებ ნიშნებს, რომ რუსეთი სამშვიდობო პროცესში სერიოზულად არის ჩართული“.
თარგმანი: პირველი არხი










