ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირის წევრობის საკითხზე მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაცია მისცა. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანა პიზონერომ განაცხადა. საქართველო ამ კონტექსტში მას არ უხსენებია.

"წევრ ქვეყნებს განახლებული ინფორმაცია წარვუდგინეთ იმის შესახებ, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ყველა პირობა შეასრულეს და ახლა გადაწყვეტილება მათ ხელშია" - განმარტა პიზონერომ.

მისივე თქმით, "უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნის პუნქტი ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრის დღის წესრიგში უკვე შეტანილია და ამით საკითხი დაიხურა".

უკრაინისთვის წევრობის საკითხზე მოლაპარაკებების გასახსნელად აუცილებელ პირობებს ანტიკორუფციული რეფორმები, პოლიტიკური ლობირების შეზღუდვა, ჩინოსნებისთვის აქტივების დეკლარირების წესები და ეროვნული უმცირესობების ენების დაცვა წარმოადგენდა.

პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიას ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესის დაფასების გამო.

"გამოქვეყნებულ დასკვნაში ევროკომისია აცხადებს, რომ უკრაინა აგრძელებს სისტემურ ძალისხმევას ევროკავშირთან მისაერთებლად და ოთხივე დამატებითი ნაბიჯი გადადგა რეფორმების კუთხით. ახლა ველით ევროპელი პარტნიორებისგან შემდეგ ნაბიჯს - უკვე მიმდინარე თვეში წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნას" - განაცხადა შმიგალმა.