ერთი შეხედვით, TikTok უბრალოდ უვნებელი მობილური აპლიკაციაა: ვინც მას ჩამოტვირთავს, შეუძლია უყუროს მოკლე ვიდეოების გაუთავებელ ნაკადს. ვინაიდან TikTok ჩინური აპლიკაციაა, იზრდება შეშფოთება იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემებით და შეუძლიათ თუ არა, ჩინელებს ამ აპლიკაციის გამოყენებით მომხმარებლების თვალთვალი.
15 მარტიდან ევროკომისიამ, თავის თანამშრომლებს, სამსახურებრივ ტელეფონებზე TikTok-ის გამოყენება აუკრძალა. იგივე წესი ვრცელდება პერსონალურ სმარტფონებზე, თუ მათში ჩატვირთულია სამუშაო პროგრამები. "ევროკომისია დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი თანამშრომლები კარგად არიან დაცული კიბერუსაფრთხოების მზარდი საფრთხის ფონზე. ამიტომ, ჩვენი მოვალეობაა, რაც შეიძლება ადრე ვუპასუხოთ პოტენციურ საფრთხეებს კიბერუსაფრთხოების სფეროში". იგივე წესები შემოიღეს ევროპარლამენტშიც.
მანამდე ცოტა ხნით ადრე, მსგავსი ზომები მიიღეს შეერთებული შტატებისა და კანადის მთავრობებმა. შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მთავრობის წარმომადგენლებს 30-დღიანი ვადა მისცა, რათა მობილური აპლიკაცია საოფისე ტელეფონებიდან და სხვა მოწყობილობებიდან წაშალონ. იგივე ვრცელდება კონგრესზე, სახელმწიფო დეპარტამენტზე, პენტაგონზე.
კანადაში, მთავრობის წევრებისთვის საოფისე ტელეფონებზე TikTok აპლიკაციის აკრძალვა დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში. მონა ფორტიემ, ქვეყნის ხაზინის საბჭოს თავმჯდომარემ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის "დიდი რისკი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებისთვის".
ესტონეთში TikTok უკვე ორი წელია აკრძალულია სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებზე. ამავდროულად, ესტონეთის მთავრობამ ცხადყო, რომ მხოლოდ სასამართლოს შეუძლია სრულად აუკრძალოს პირებს ამ აპლიკაციის გამოყენება.
გერმანიაში, TikTok აპლიკაციის საოფისე მოწყობილობებზე გამოყენება ცალკეულ სამთავრობო უწყებებს აქვს აკრძალული. თუმცა, გერმანიის სამთავრობო უწყებებისთვის TikTok-ი ზოგადი აკრძალული არ არის. ჯანდაცვის სამინისტროს კი აქვს საკუთარი TikTok არხი - მაგრამ ცალკეულ მოწყობილობებზე, რომლებიც არ არის დაკავშირებული სამინისტროს სერვერებთან.
ასევე, ტაივანში, TikTok აპლიკაცია მთლიანად დაიბლოკა დეკემბერში - და კლასიფიცირებულია, როგორც პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც "ემუქრება ეროვნულ ინფორმაციას და კომუნიკაციის უსაფრთხოებას". TikTok იქ განიხილება, როგორც პეკინის პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, ტაივანის კონტროლის ქვეშ მოქცევის საშუალება. გარდა ამისა, ავღანური "თალიბანი" ქვეყანაში აპლიკაციის დაბლოკვას განიხილავს.
TikTok აპლიკაციას, დეველოპერული კომპანიის თანახმად, მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს. ის პეკინში დაფუძნებულ Bytedance-ს ეკუთვნის, რომელსაც მუდმივად უწევს, უარყოს ბრალდებები, რომ ჩინეთის სახელმწიფოს შეუძლია, აპლიკაცია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს.
გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ARD-ის 2022 წლის მარტის კვლევამ აჩვენა, რომ გერმანიაში აპლიკაცია იყენებს ფილტრებს, რომლებიც ბლოკავს გარკვეულ კონტენტს. მაგალითად, სიტყვები, როგორიცაა LGBTQ, სექსი, ნაციონალური სოციალიზმი, ჩინელი ჩოგბურთელის სახელი, რომელმაც სპორტსმენი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. TikTok-ი, გამოძიების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, გამოძიების ჩატარებას დაჰპირდა.
დეკემბერში აშშ-ის FBI-ის ხელმძღვანელმა კრისტოფერ ვრიმ განაცხადა, რომ TikTok-ს აკონტროლებს ჩინეთის მთავრობა, "რომელიც არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს". FBI შეშფოთებულია, რომ პეკინი აკონტროლებს აპლიკაციის სარეკომენდაციო ალგორითმს.