ევროკომისია გეგმავს, უკრაინა თავის დაცულ თანამგზავრული კავშირის სისტემა Govsatcom-ში ჩართოს, მას შემდეგ, რაც მას კომერციული სიმძლავრეები დაემატება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა თომას რენიემ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და დააზუსტა, რომ ასეთი ჩართვა, შესაძლოა, 2027 წლის დასაწყისში მოხდეს.
მისი თქმით, პროგრამა ევროკავშირის წევრი ქვეყნების არსებულ თანამგზავრულ სიმძლავრეებს აერთიანებს და ეს რესურსები უკრაინას რუსეთის მიმდინარე ომის პერიოდში ხარისხიანი კავშირის შენარჩუნებაში დაეხმარება.
სისტემა Govsatcom 2026 წლის იანვარში ამოქმედდა და იგი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის დაცულ კომუნიკაციებს უზრუნველყოფს, განმარტავს ფრანგული გამოცემა Le Monde.
რენიეს თქმით, 2029 წლისთვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს როგორც საბაზო კავშირი, ისე მომსახურება სამხედრო საჭიროებებისთვის. თუმცა, მას პირდაპირ არ შეუდარებია ევროპის შესაძლებლობები Starlink-ის სერვისის Starshield-ის მიმართულებასთან, რომელსაც ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებს.
თავის მხრივ, დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა DW-სთან კომენტარში განაცხადა, რომ თუ აშშ-ს სურს, დაიცვას ევროპა და NATO, მათ ამერიკული სისტემა Starlink უკრაინისთვის ხელმისაწვდომად უნდა შეინარჩუნონ.
კიევზე რუსეთის ბოლო თავდასხმების დროს უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აშშ-ისგან ბალისტიკის შესახებ მონაცემები კვლავ ვერ მიიღო, ასევე გავრცელდა ინფორმაცია Starshield-ის მუშაობის შეზღუდვის შესახებ. "ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც სიგნალს შესაძლო შემდგომი შეზღუდვების შესახებ", — განუცხადა DW-ს მაღალი რანგის უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით.
შეფერხებები კიევსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე მოხდა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი უკრაინელი კოლეგა იმაში დაადანაშაულა, რომ უკრაინამ თეთრი სახლის თხოვნა უგულებელყო და რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების მიყენებას აგრძელებს. თავის მხრივ, კომპანია SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starshield-ის სიჩქარის შეზღუდვას აშშ-ის არმია ადგენს და არა უშუალოდ მისი კომპანია.
მასკის განცხადება პასუხი იყო უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიხაილო ფედოროვის კომენტარზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების Starlink-ის ქსელთან კავშირის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ.
15 ოქტომბრის დღისით Starshield-ის ტერმინალების მუშაობა "საბრძოლო პირობებში აღდგა და გრძელდება", ნათქვამია უკრაინის თავდაცვის ძალების ანგარიშებში. პარტნიორებთან თანამშრომლობა წინა დღით დაფიქსირებული შეზღუდვების მიზეზებისა და გარემოებების დასადგენად გრძელდება, დასძინეს უწყებაში.




