ევროკომისიამ უკრაინის მხარდაჭერის საკრედიტო პროგრამის (Ukraine Support Loan) ფარგლებში, უკრაინას 4,36 მილიარდი ევრო გადაურიცხა. ამ თანხიდან 3,7 მილიარდი ევრო მიმდინარე წლისთვის შეთანხმებული მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშია, ხოლო 658 მილიონი ევრო უკრაინის თავდაცვის საჭიროებებისთვისაა გამოყოფილი.

"ევროკავშირის სახსრები დაეხმარება უკრაინას სახელმწიფოს შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში და ასევე, შესაძლებელს გახდის რუსეთის სამხედრო აგრესიის მომგერიებელი ქვეყნის გადაუდებელი თავდაცვითი ამოცანების გადაჭრას", — ხაზგასმით აღნიშნეს ევროკომისიაში.

"ევროკავშირის დაფინანსება უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და პროგნოზირებად მხარდაჭერას, რომელიც იძლევა უკრაინის ეკონომიკის მუშაობის შენარჩუნების, აუცილებელი სახელმწიფო სერვისების მიწოდებისა და მიმდინარე რუსული აგრესიის წინაშე ქვეყნის მდგრადობის განმტკიცების შესაძლებლობას", — განაცხადა ტექნოლოგიური სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებში ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჰენა ვირკუნენმა.

"თავდაცვისთვის გამოყოფილი ახალი თანხა უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის დრონების, რაკეტების, სარადარო სადგურების, რადიოელექტრონული ბრძოლის (РЭБ) სისტემებისა და საბრძოლო მასალების შეძენას მოხმარდება", — აღნიშნულია ევროკომისიის პრესრელიზში. ძირითადად, თავდაცვის პროდუქციის შესყიდვა უკრაინული საწარმოებიდან განხორციელდება.

"უკრაინული კომპანიებისკენ სახსრების მიმართვით, ჩვენ ხელს ვუწყობთ მაღალინოვაციური თავდაცვითი ეკოსისტემის განვითარებას, რომლისგანაც ევროპულ თავდაცვით ბაზას ბევრი რამის სწავლა შეუძლია", — განაცხადა ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში, ვალდის დომბროვსკისმა.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას ჯამში 235,9 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გაუწიეს, მათ შორის არის რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების შემოსავლებიდან მიღებული 3,8 მილიარდი ევროც.

უკრაინის მხარდაჭერის საკრედიტო პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის განკუთვნილი სესხის საერთო მოცულობა 90 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს თანხა 2026-2027 წლებში ქვეყნის ფინანსური საჭიროებების დასაფარად არის გათვლილი.