ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, ბოლო წუთს გააუქმა ორშაბათისთვის, 7 სექტემბრისთვის დაგეგმილი თავდაცვის საკითხებზე მაღალი დონის ჯგუფის სადებიუტო შეხვედრა.
აღნიშნული მაღალი დონის ექსპერტთა ჯგუფი, რომლის შექმნის შესახებაც კაია კალასმა ირლანდიაში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დააანონსა, მიზნად ისახავდა:
ევროკავშირისა და NATO-ს მოთხოვნებს შორის არსებული ხარვეზების აღმოჩენასა და დროულად შევსებას;
ევროპული ქვეყნების თავდაცვისუნარიანობისა და მილიტარიზაციის პროცესის დაჩქარებას;
უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ინოვაციური, პრაქტიკული იდეების გენერირებას ისეთი "მთავარი გონების" ჩართულობით, რომლებიც გასცდებოდნენ მკაცრ ინსტიტუციურ ჩარჩოებს;
პროცესში უკრაინის გამოცდილებისა და ბრძოლის ველიდან მიღებული გაკვეთილების ინტეგრირებას.
გაუქმების მთავარ ფაქტორად წამყვანი ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგობა სახელდება. ევროპული მედიის ინფორმაციით, ინიციატივას მკაცრი წინააღმდეგობა შეხვდა ისეთი ქვეყნების მხრიდან, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია და იტალია.
აღნიშნულმა სახელმწიფოებმა ეჭვქვეშ დააყენეს ახალი სტრუქტურის საჭიროება და უარყვეს გეგმა. კრიტიკის ფონზე, კაია კალასის ინიციატივა ბოლო მომენტში შეიზღუდა.
შეხვედრის სამომავლო პერსპექტივები და ევროკავშირის თავდაცვასთან დაკავშირებული ალტერნატიული ნაბიჯები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.




