რუსეთში ბაზირებულ ორგანიზაციებსა და რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ ფიზიკურ პირებს არანაირი სტატუსით აღარ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პროგრამა Erasmus+-ის ფარგლებში გამართულ არცერთ ღონისძიებაში. ეს გამომდინარეობს 2027 წლის პროგრამული სახელმძღვანელოდან, რომელიც ევროკომისიამ წარადგინა.

გარდა ამისა, რუსეთში მცხოვრებ პირებს — მოქალაქეობის მიუხედავად — აღარ აქვთ უფლება, მიიღონ სტიპენდიები ევროპულ უნივერსიტეტებში Erasmus Mundus Joint Master-ის (EMJM) პროგრამებზე სასწავლებლად.

დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული, შეეხება თუ არა ახალი შეზღუდვები იმ სტიპენდიებსა და პროექტებს, რომელთა დაფინანსებაც უფრო ადრე დამტკიცდა.

პროგრამა Erasmus 30 წელზე მეტია არსებობს. 2014-დან 2021 წლამდე მასში რუსეთიდან დაახლოებით 13 200-მა სტუდენტმა და მეცნიერ თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.

22 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა 2028-2034 წლების პერიოდისთვის პროგრამის ბიუჯეტის 47,4 მილიარდ ევრომდე გაზრდას. საბოლოო თანხა კვლავ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უნდა შეთანხმდეს.

2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის საბჭომ აკრძალა რუსეთის სახელმწიფო ორგანიზაციების ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერა ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში.