ევროკავშირმა ირანში შვიდ ფიზიკურ და შვიდ იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.

შეზღუდვების დაწესების მიზეზად რუსეთისთვის რაკეტებისა და დრონების გადაცემასთან კავშირი სახელდება.

სასანქციო სიაში შედის სამი ირანული ავიაკომპანია - Saha Airlines, Mahan Air და Iran Air - და შესყიდვების ორი ფირმა. ბლოკის ცნობით, "სია მოიცავს ორ კომპანიასაც. ისინი ჩართულია რაკეტების გასაშვებად გამოსაყენებელი საწვავის წარმოებაში".

გარდა ამისა, სასანქციო სიაშია, მათ შორის ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე სეიედ ჰამზეჰ ღალანდარი, "ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის" ყუდსის ძალების, "ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის" კუთვნილი Khatam al-Anbiya-ის ცენტრალური შტაბისა და "ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის" აეროკოსმოსური ძალების ცნობილი მაღალჩინოსნები.

სანქცირებული პირები დაექვემდებარებიან აქტივების გაყინვას და ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას. გარდა ამისა, აკრძალულია სახსრების ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება, პირდაპირ ან ირიბად, ჩამოთვლილი ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის ან მათ სასარგებლოდ.