ევროკავშირი კონფლიქტებით, ბუნებრივი კატასტროფებითა და სხვა კრიზისებით დაზარალებულთათვის დამატებით 710 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ-იორკში გამართული Global Citizen Festival-ის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა (ფესტივალი მოგვიანებით ცუდი ამინდის გამო გაუქმდა).
მისი თქმით, ჰუმანიტარული დახმარების განაწილებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აფრიკას, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მათ მიმღებ თემებს. კერძოდ, დაახლოებით 380 მილიონი ევრო მიიმართება სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებში მიგრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე. მათ შორის — მიგრანტთა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე, ასევე მათ სამშობლოში დაბრუნებასა და რეინტეგრაციაზე.
252 მილიონი ევრო მოხმარდება გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას აქტიური შეიარაღებული კონფლიქტების, მოსახლეობის იძულებითი გადაადგილების, ეპიდემიებისა და ბუნებრივი კატასტროფების გამო. ამ თანხიდან 97 მილიონი გაიგზავნება სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებში, 103 მილიონი ევრო — პალესტინის ტერიტორიებსა და ლიბანში, ხოლო კიდევ 52 მილიონი ევრო — უკრაინაში, მათ შორის, ზამთრისთვის მომზადების მიზნით.
შედარებით მცირე თანხებია გათვალისწინებული აფრიკის დიდ ტბათა რეგიონისთვის, ასევე დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს აღმოსავლეთით ებოლას ცხელების აფეთქების წინააღმდეგ.
2026 წელს ევროკავშირმა მთელ მსოფლიოში ჰუმანიტარული დახმარებისთვის ბიუჯეტში დაახლოებით 1,9 მილიარდი ევრო გაითვალისწინა. ხარჯების ყველაზე დიდი ნაწილებია — 557 მილიონი ევროს ოდენობის მხარდაჭერა სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებისთვის და 463 მილიონი ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკისთვის, იუწყება ევროკომისია.
2026 წელს უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის ევროკავშირმა თავდაპირველად 145 მილიონი ევრო გაითვალისწინა. თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინისა და მოლდოვისთვის ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა 248 მილიონამდე გაიზარდა.
ეს სახსრები მიიმართება სურსათის შესყიდვაზე, სამედიცინო დახმარებაზე, საცხოვრებლის რეკონსტრუქციაზე, ფულად გაცემებსა და ზამთრისთვის მზადებაზე. რუსეთის ხელისუფლების მიერ წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისიდან ევროკომისიამ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების პროგრამებისთვის 1,4 მილიარდ ევროზე მეტი გამოუყო.




