ამის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
ესტონეთის მთავრობამ დაადასტურა სახელმწიფო პენსიების ინდექსაცია, რომელიც მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება. შედეგად, საშუალო ასაკობრივი პენსია 5,3 პროცენტით, ანუ 43 ევროთი, თვეში 860 ევრომდე გაიზრდება.
მთავრობა ყოველ გაზაფხულზე პენსიებს ხელფასებისა და ფასების ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ხელახლა ითვლის. ესტონეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს ფასები 4,8 პროცენტით გაიზარდა, საშუალო ასაკობრივი პენსია კი ხუთ პროცენტზე მეტით იზრდება.
პენსიების ინდექსაცია დაახლოებით 328 000 პენსიონერს შეეხება.
მომავალ წელს საპენსიო ასაკის პირთათვის დაუბეგრავი შემოსავალი თვეში 776 ევროს, ანუ წელიწადში 9,312 ევროს ტოლი დარჩება.
ინდექსაციის შემდეგ, ყოველთვიური ეროვნული პენსია (იმ პირების პენსია, რომლებსაც არ აქვთ პენსიის დანიშვნისთვის საჭირო მუშაობის მინიმალური სტაჟი) 414,10 ევრო იქნება.
2026 წლის 1 აპრილიდან, შრომისუნარიანობის შემწეობის დღიური ოდენობა 22,89 ევრო იქნება. ნაწილობრივი შრომისუნარიანობის შემთხვევაში, შემწეობა იქნება მოქმედი დღიური ოდენობის 57 პროცენტი, საშუალოდ 391,42 ევრო თვეში. შრომისუნარიანობის არარსებობის შემთხვევაში, შემწეობა იქნება მოქმედი დღიური ოდენობის 100 პროცენტი, საშუალოდ 686,70 ევრო თვეში.




