ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური სააგენტოები ავრცელებენ.

ესპანური მედიის ცნობით, კვირიდან ორშაბათის ღამით მატარებლების მოძრაობა შეწყდა და შეფერხდა მადრიდი-სევილიას სარკინიგზო მაგისტრალზე. მიზეზი -  სარკინიგზო მაგისტრალზე რამდენიმე მონაკვეთზე სიგნალიზაციის სისტემიდან სპილენძის ქურდობაა.

ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ შეფერხება სრულად აღმოიფხვრება დღის მეორე ნახევარში. მათი განცხადებით, სპილენძის სადენების ქურდობა ტოლედოს პროვინციაში, ვიდეიოკამერებით დაუცველ ხუთ სხვადასხვა ადგილზე, ათი მილის რადიუსში და თითქმის ერთდროულად მოხდა, რაც საბოტაჟზე უნდა მიუთითებდეს. სულ მოპარულია დაახლოებით 150 მეტრი სიგრძის სპილენძის სადენი. მისი ფასი უმნიშვნელოა იმ ზარალთან შედარებით, რაც განიცადეს მგზავრებმა და რკინიგზამ.

მედიის ინფორმაციით, არანაკლებ 30 მატარებელი შეფერხდა გზაში ან ვერ გავიდა სადგურიდან, რის შედეგადაც 10 000-ზე მეტი მგზავრი დაზარალდა.

მედიის კიდევ ერთი ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს ეროვნულმა პოლიციამ და სამოქალაქო გვარდიამ სპილენძისა და სხვა გამტარის ქურდობის 4433 შემთხვევა გამოიძიეს. ეს სტატისტიკა არ მოიცავს ბასკეთში და კატალონიაში დაფიქსირებულ ამ ტიპის ინციდენტებს. მსოფლიოში სპილენძის ქურდობის სტატისტიკით კატალონია ლიდერობს. 2023 წელს კატალონიაში ამ ტიპის ქურდობაზე 5372 საჩივარი დაარეგისტრირეს.