ესპანეთის ვალენსიის რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 51 ადამიანი ემსხვერპლა.

რეგიონული მთავრობის მეთაურმა, კარლოს მაზონმა განაცხადა, რომ დაზარალებულ რაიონებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ანგრევს წყლის ნაკადი ხიდებს და მიაქვს მანქანები. ზოგიერთ ვიდეოში ჩანან ადამიანები, რომლებიც ხეებზე ადიან წყალდიდობისგან თავის დასაღწევად.

ესპანეთის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ძლიერი კოკისპირული წვიმებია, რის შედეგადაც მრავალი რაიონი დაიტბორა, ასევე შეფერხდა სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა.

ზოგიერთი ავიარეისი, რომელიც ვალენსიაში უნდა დაშვებულიყო, გაუქმდა ან გადამისამართდა სხვა რეგიონებში. ესპანეთის ამ რეგიონში ასევე მთლიანად შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა.