ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მეუღლემ, ბეგონია გომესმა ოპოზიციურ სახალხო პარტიას სასამართლოში უჩივლა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი საარჩევნო რგოლის გამო, რომელშიც მისი სახე და ხმა გაყალბებულია.

გომესმა ესპანეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ სარჩელი „პირადი მონაცემების მითვისების“ გამო შეიტანა.

საარჩევნო რგოლი, რომელშიც მისი გამოსახულება გამოიყენეს, სახალხო პარტიის ოფიციალური სოციალური ქსელის ანგარიშებით გავრცელდა. ხელოვნური ინტელექტით შექმნილი სარეკლამო რგოლი პარტიამ გასულ კვირას გაუშვა, რომელშიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მეუღლე კორუფციულ სკანდალებში გარეულ სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ჩნდება.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა დაადასტურა, რომ მისმა მეუღლემ სახალხო პარტიის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. მისი თქმით, ოპოზიცია ამით „იმავე ტაქტიკას იყენებს, რასაც ისინი, ვინც არასრულწლოვნებს ავიწროებს“, მაშინ, როცა ასეთი იდეების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა ეწარმოებინა.