არ შეიძლება, მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები ერთ დღეს იგებდნენ, რომ სკოლას რეაბილიტაცია სჭირდება, ან წელს ვერ გაიხსნება, ან მეორე წელს ვერ გაიხსნება, – ამის შესახებ განათლების ექსპერტმა შალვა ტაბატაძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„მმართველობით რგოლში თითოეულ სკოლასთან მიმართებით კარგად დაგეგმილი სქემა უნდა არსებობდეს. დასკვნა თუ იქნება, რომ სკოლას რეაბილიტაცია ან ხელახალი მშენებლობა სჭირდება, უნდა ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ, რა არის ჩვენი გეგმა და როგორ ვიქცევით ასეთ შემთხვევაში.
აქ მნიშვნელოვანია ის, რომ უფლებამოსილებები ფრაგმენტირებულია. მმართველობის თვალსაზრისით, შეიძლება, ეს არის კარგი, მაგრამ პასუხისმგებლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკისრება. მოსწავლეებისთვის განათლების მიღების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია განათლების სამინისტრო.
ვინმე მშენებლობას დროულად თუ არ ასრულებს, თუ სამხარაულის ბიურო დასკვნას დროულად არ ამზადებს და არ აგზავნის, ეს ნებისმიერ შემთხვევაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პასუხისმგებლობაა. ის, რომ ექსპერტი 21-ე სკოლაში დეკემბერში შევიდა და დათვალიერება ჩაატარა, დასკვნა კი სამინისტროში 17 სექტემბერს მივიდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხია. სამინისტროს წინასწარ უნდა მოემზადებინა სკოლა, თუ მოსწავლეების სხვა სკოლაში გადაყვანა გახდებოდა საჭირო“, – განაცხადა ტაბატაძემ.
მისი თქმით, 21-ე სკოლის მაგალითმა აჩვენა, რომ ქვეყანაში არც განათლების პოლიტიკა არსებობს და არც განათლების მართვის სისტემა.
„ინფრასტრუქტურული პროექტები მხოლოდ შენობების აშენებას არ გულისხმობს. სკოლის ინფრასტრუქტურა განათლების პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტია. ის, ერთი მხრივ, განათლების პოლიტიკას უკავშირდება, მეორე მხრივ კი – ურბანიზაციასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ჩვენ ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ისე, რომ არ ვიცით, როგორი განათლების სისტემა გვაქვს. მაგალითად, ორი წლის წინ არსებობდა ინიციატივა, რომ ზოგად განათლებასთან უნდა ყოფილიყო ინდექსირებული პროფესიული განათლება. თუ ასეთი განათლების პოლიტიკა გვაქვს, ინფრასტრუქტურაც ხომ შესაბამისი უნდა იყოს? მაგალითად, ახლა ჩვენ 10-წლიანი განათლების სისტემიდან 11-წლიანზე გადავედით და ინფრასტრუქტურაც ხომ ამ ცვლილებას უნდა შეესაბამებოდეს? უფრო მეტიც, იცით, რამდენით გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში ბოლო 14 წლის განმავლობაში? ახლა დაახლოებით 100 000-ით მეტი მოსწავლე სწავლობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისი და ბათუმი – 2012 წლის შემდეგ ამ ორ ქალაქში მოსწავლეთა რაოდენობა 85 000-ით გაიზარდა.
რამდენი ახალი სკოლა სჭირდება თბილისსა და ბათუმს, რომ სკოლებში გადატვირთულობა არ გვქონდეს? სულ მცირე, 100 ახალი სკოლა ხომ გვჭირდება? და რამდენი ახალი სკოლის მშენებლობა გვახსენდება? აქ არ ვგულისხმობ ძველი სკოლების ნაცვლად ახალი შენობების აშენებას ან მათ რეაბილიტაციას. საუბარია იმაზე, რამდენად სწორად ვხედავთ პოლიტიკას, როდესაც მოსწავლეთა რაოდენობა 85 000-ით იზრდება, გვაქვს თუ არა შესაბამისი რეაგირება ურბანული პოლიტიკის გათვალისწინებით? ამაზე გვაქვს საუბარი“, – განაცხადა ტაბატაძემ.
ტაბატაძის თქმით, მნიშვნელოვანი პრობლემაა სწავლის ხანგრძლივობის შემცირებაც.
„მთელ მსოფლიოში ტარდება კვლევები, რომლებიც სწავლობს, რა გავლენას ახდენს სწავლის ხანგრძლივობა მოსწავლეებზე. 2024 წელს ჩატარდა საკმაოდ საინტერესო კვლევა, რომელშიც ამ საკითხზე არსებული კვლევების მეტაანალიზი განხორციელდა. შედეგებმა სწავლის ხანგრძლივობასა და მოსწავლეთა მიღწევებს შორის უდიდესი კორელაცია დაადგინა. აშშ-ში შეშფოთებას იწვევდა ის ფაქტი, რომ მოსწავლეები სკოლაში საშუალოდ 6-7 საათს ატარებდნენ, წელიწადში კი, 180 დღის განმავლობაში, დაახლოებით 1 200 საათს სწავლობდნენ. ეს შეშფოთებას იწვევდა, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში სასწავლო დრო 200 საათით მეტი იყო, ზოგან კი – ნაკლები. ჩვენს დღევანდელ სასწავლო გეგმას თუ ავიღებთ, სასწავლო წლის განმავლობაში 180 დღე გვაქვს, თუმცა დასვენების დღეების გათვალისწინებით, ეს რაოდენობა 170 დღემდე მცირდება. მოსწავლის მაქსიმალური დატვირთვა კი დღეში ხუთი საათია, ოღონდ იმ შემთხვევაში, როდესაც სკოლა ცვლებში მუშაობს და იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა შედის, სხვა სკოლიდან გადადის, მათ აქვთ უფლება 30-წუთიანი შეცვლების და ა.შ“, – განაცხადა ტაბატაძემ.




