ესპანელმა ფერმერებმა ტრაქტორებით ქვეყნის მასშტაბით 15 მაგისტრალი გადაკეტეს. აქციის მონაწილეებმა ევროპის კავშირის გარემოსდაცვითი პოლიტიკა, „არაკეთილსინდისიერი კონკურენცია“, წარმოების გაზრდილი ხარჯები და შემცირებული შემოსავალი გააპროტესტეს.
დემონსტრანტების თქმით, რეგულაციები, რომლებიც EU-ს საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ნაწილია, მათთვის მოგების მიღების შესაძლებლობას ამცირებს.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ფერმერების დასახმარებლად შესაბამისს ზომებს მიიღებს. ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ძლიერი გვალვითა და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებით დაზარალებული 140 000 ფერმერისთვის 270 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გამოყო.
გერმანიაში ფერმერთა საპროტესტო აქციები დეკემბერში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის სუბსიდიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. დემონსტრანტების განცხადებით, სუბსიდიების შეწყვეტა, მათ ბიზნესებს თანდათანობით გააკოტრებს.
ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროპის კავშირის სამიტის მიმდინარეობისას ფერმერებმა ტრაქტორებით გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების ნაწილმა კი ევროპარლამენტის შენობას კვერცხები და ბოთლები ესროლა. აქციის მონაწილეები მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე დაბალ ფასებს, ევროპის კავშირის გარემოსდაცვით პოლიტიკასა და გაზრდილ ბიუროკრატიას აპროტესტებენ.
პორტუგალიელი ფერმერები ადეკვატური საკვების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანების შრომის დაფასების მოთხოვნით აქციებს მართავენ. პროტესტის ნიშნად, მათ ესპანეთისა და პორტუგალიის დამაკავშირებელი გზა ტრაქტორებით გადაკეტეს.
ფრანგი ფერმერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და გარემოსდაცვითი რეგულაციების შემცირებას, საბერძნეთში კი დაფინანსების ზრდას, გადასახადების შემცირებას, იმპორტირებული პროდუქტის კონტროლს, ასევე, ელექტროენერგიისა და საწვავის გაიაფებას მოითხოვენ.
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში საპროტესტო აქციაზე გამოსული ფერმერების თქმით, ისინი ქვეყანაში უკრაინიდან იმპორტირებულ დაბალფასიან პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევენ, რის გამოც შემოსავლის გარეშე რჩებიან.