ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ულტრა დამუშავებულმა საკვებმა, რომელსაც ბავშვები მიირთმევენ, შესაძლოა, ისინი უფრო დიდი კარდიომეტაბოლური პრობლემების რისკის ქვეშ დააყენონ, როგორიცაა გულის შეტევა, ინსულტი და დიაბეტი.

კვლევამ, რომელიც JAMA Network Open-ში გამოქვეყნდა, ესპანეთის შვიდი ქალაქის სკოლებიდან 3-დან 6 წლამდე ასაკის 1400-ზე მეტი ბავშვის მონაცემები მოიცვა.

ბავშვების აღმზრდელები პირადად შეხვდნენ მკვლევრებს და შეავსეს კითხვარები სახლში ფიზიკური დატვირთვის, საკვების მიღებისა და დემოგრაფიის შესახებ 2019-დან 2022 წლამდე.

მკვლევრებმა ბავშვების მონაცემები სამ ჯგუფად დაყვეს, მათ მიერ მიღებული ულტრა დამუშავებული საკვების რაოდენობის მიხედვით. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებიც ყველაზე მეტ დამუშავებულ საკვებს მოიხმარენ, უფრო მეტად აქვთ ისეთი რისკფაქტორები, როგორიცაა სხეულის მასის მაღალი ინდექსი, სისტოლური არტერიული წნევა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის თანახმად, ულტრა დამუშავებული საკვები არის ის, რომელიც შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც "არასდროს, ან იშვიათად გამოიყენება სამზარეულოში, ან დანამატების კლასები, რომელთა ფუნქციაა საბოლოო პროდუქტი გახადოს გემრიელი, ან უფრო მიმზიდველი".

ეს ინგრედიენტები, რომლებსაც შეიცავს გაზიანი სასმელები, ჩიფსები, შეფუთული სუპები, ქათმის ნაგეტსები და ნაყინი, შეიძლება შეიცავდეს კონსერვანტებს ობისა და ბაქტერიების გასაკონტროლებლად, ხელოვნურ საღებავებს, ემულგატორებს და დამატებულ, ან მოდიფიცირებულ შაქარს, მარილს და ცხიმებს.

ბევრმა კვლევამ აჩვენა ულტრა დამუშავებული საკვების უარყოფითი გავლენა მოზარდებზე, მაგრამ ეს კვლევა ერთ-ერთი პირველია, რომელმაც აჩვენა მათი გავლენა მცირეწლოვან ბავშვებში კარდიომეტაბოლურ ჯანმრთელობაზე.

კვლევა დაკვირვებითი ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრებს შეუძლიათ, იპოვონ კავშირი ბავშვებში ულტრა დამუშავებული საკვების მოხმარებასა და მათ ჯანმრთელობას შორის, ისინი ვერ იტყვიან, რომ ერთი იწვევს მეორეს.

მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ყურადღება მექცეს მცირეწლოვან ბავშვებში ულტრა დამუშავებული საკვების მოხმარებას, რადგან ის, თუ როგორ იკვებებიან ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში, დიდ კავშირშია იმასთან, თუ რას ჭამენ ისინი ადრეულ ასაკში.

პრობლემა ის არის, რომ ულტრა დამუშავებული საკვების თავიდან აცილება ყველასთვის ადვილი არ არის.

კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებსაც დიეტაში ყველაზე მეტი ულტრა დამუშავებული საკვები აქვთ, ჰყავდათ უფრო ახალგაზრდა დედები, ჰქონდათ მაღალი BMI და დაბალი განათლებისა და დასაქმების დონე.

იმ ადგილებში, სადაც ახალი საკვების ყიდვა უფრო რთულია, ულტრა დამუშავებული საკვები უფრო ხელმისაწვდომი და იაფია.

ექსპერტების თქმით, ბავშვებისთვის ულტრა დამუშავებული საკვების მიწოდება ახალი ხილითა და ბოსტნეულის მიწოდების გარეშე, მათ მომავალში პრობლემებს შეუქმნის.