რუსეთი როგორც კი გამოავლენს მოლაპარაკებების გულწრფელ სურვილს, ჩვენ აუცილებლად იქ ვიქნებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საუდის არაბეთში, ეკონომიკურ ფორუმზე საუბრისას განაცხადა.
ბლინკენმა აღნიშნა, დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი არის გზავნილი ვლადიმერ პუტინისთვის, რომ ომის დასრულება მოითხოვს მისი მხრიდან „გულწრფელ სურვილს“, დაამყაროს მშვიდობა საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ომის დასრულება ახლა ძირითადად დამოკიდებულია პუტინზე და იმაზე, თუ რას გადაწყვეტს ის.
„ეს არის პრაქტიკული და ფსიქოლოგიური სტიმული უკრაინელებისთვის, რომლებმაც გადაიტანეს რთული ცხრა თვე, ასევე აშკარა დემონსტრირება იმისა, რომ მხარდაჭერა გრძელდება და გაგრძელდება. იმედი მაქვს, პუტინი გაიგებს ამ გზავნილს და გამოავლენს გულწრფელი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას იმ ძირითადი პრინციპების შესაბამისად, რომლებიც საფუძვლად უდევს საერთაშორისო თანამეგობრობას და გაეროს წესდებას: სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა. თუ ეს სათანადოდ დადასტურდება, ამის შესახებ უნდა იყოს რეზოლუცია“, – განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, აშშ მხარს დაუჭერს სამშვიდობო პროცესს, თუ რუსეთი გამოთქვამს ამის „გულწრფელ სურვილს“.
„როგორც კი რუსეთი აჩვენებს, რომ მას გულწრფელად სურს მოლაპარაკებები, ჩვენ აუცილებლად ვიქნებით იქ და მჯერა, რომ უკრაინელებიც იქ იქნებიან“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.