უკრაინისთვის ამერიკული დახმარების შეჩერებამ იმის გამო, რომ კონგრესს ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია თანხების გამოყოფა ამ წლისთვის, უკვე გამოიწვია გარკვეული შედეგები ბრძოლის ველზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბლინკენს არ უსაუბრია, რას გულისხმობდა შედეგებში. ფრონტიდან მოსული ცნობების მიხედვით, რუსები თავდასხმებს ახორციელებენ ავდეევკასთან, ბახმუტთან და კუპიანსკის მახლობლად. თუმცა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში არანაირი გარღვევა ან სერიოზული ტაქტიკური წარმატება არ ყოფილა.
მანამდე ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და კონგრესის ლიდერების ბოლო შეხვედრაზე, აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ თუ დახმარება არ გამოიყოფა, უკრაინას შესაძლოა, სამხედრო მარცხი დაემუქროს უახლოეს თვეებში ან თუნდაც კვირებში. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ საბრძოლო მასალა საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. ევროპის რიგი ქვეყნები აგრძელებენ უკრაინისთვის იარაღის და სხვა დახმარების მიწოდებას, მაგრამ შეერთებული შტატების მონაწილეობის გარეშე მისი მოცულობა მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წელთან შედარებით.
„თუ შეერთებული შტატები ვერ შეასრულებს ვალდებულებებს, ეს გაართულებს ევროპელებისა და სხვა ქვეყნებს იმის კეთების გაგრძელებას, რასაც უკვე აკეთებენ“, - თქვა ბლინკენმა.