საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის აკრძალვას მოითხოვს. ამის შესახებ მაკრონმა BFM TV-ს მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

"ჩვენი ბავშვებისა და მოზარდების ტვინები არ იყიდება. მათი გრძნობები არ იყიდება და მანიპულირება არ შეიძლება, როგორც ამერიკული პლატფორმების, ასევე ჩინური ალგორითმების მიერ" – ამბობს მაკრონი. 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აიკრძალება სკოლებში ბავშვებისთვის მობილური ტელეფონების გამოყენებაც.

მაკრონმა მთავრობას კანონმდებლობის დაჩქარებული წესით განხილვისკენ მოუწოდა, რათა აღნიშნულ საკითხზე კანონი სექტემბერში, მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე შევიდეს ძალაში.