საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ პირები, რომლებმაც სამთავრობო შენობები დააზიანეს, საკუთარი დანაშაულებისთვის პასუხს აგებენ. ამის შესახებ მაკრონმა ერისადმი მიმართვის დროს განაცხადა.
„თავდასხმა განხორციელდა საჯარო დაწესებულებებზე, მაღაზიებსა და მუნიციპალურ შენობებზე. ზოგიერთი მათგანი განადგურდა. ასობით პოლიციელი დაშავდა. როდესაც კადრებს ვუყურებდით, ყველას გვიჩნდებოდა კითხვა: რა ხდებოდა მათ გონებაში? როგორ შეუძლიათ ფრანგებს, ასე მოექცნენ საფრანგეთს? მათ, ვინც ძარცვაში მიიღო მონაწილეობა, მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოუწევთ, ხოლო ისინი, ვინც რესპუბლიკის დამხობას ცდილობდნენ, პასუხს აგებენ“, – აღნიშნა მაკრონმა.
მისივე თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ქმედებები „სამარცხვინოა“. მაკრონის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მერებთან ერთად, შენობების დასაცავად და ვანდალიზმის აღსაკვეთად იმუშავებენ. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა პოლიტიკურ ძალებს ძალადობის დაგმობისკენ მოუწოდა.
„ამაღამ ყველანი რისხვასა და სირცხვილს განვიცდით. აუცილებელია გამიჯვნა იმ მომიტინგეებს შორის, რომლებსაც სამართლიანი მოთხოვნები აქვთ, მათგან, ვინც ანადგურებდა, ამსხვრევდა და ძარცვავდა“, – განაცხადა მაკრონმა.
მაკრონის თქმით, ქვეყანაში უკონტროლო ძალადობას „რადიკალური ულტრამემარცხენე ჯგუფების ამბოხისკენ მიდრეკილი ელემენტები“ ახორციელებენ, რომლებსაც „მრავალი კრიმინალიც“ შეუერთდა.









