პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები საბოლოოდ იპოვიან არგუმენტებს, რათა დაარწმუნონ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი განბლოკოს უკრაინის დაფინანსება. ამის შესახებ ტუსკმა ბრიუსელში სპეციალური სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„უკრაინით დაღლილობა ევროკავშირში ნამდვილად არ შეინიშნება. რაც აქ ხდება, ეს უფრო ორბანით დაღლილობაა.  უნდა გადავჭრათ ეს პრობლემები და რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ერთობა უკრაინის გარშემო“, - განაცხადა ტუსკმა.

მისი თქმით, არ ესმის და ვერ მიიღებს ორბანის ამ ძალიან უცნაურ და ძალიან ეგოისტური თამაშს. ამასთან, პოლონეთის მთავრობის მეთაურმა დასძინა, რომ უკრაინის საკითხზე კომპრომისი გამორიცხულია.

"ვიქტორ ორბანის გადასაწყვეტია, არის თუ არა უნგრეთი ჩვენი საზოგადოების ნაწილი. ეს შავ-თეთრი ისტორიაა. ინტუიცია მკარნახობს, რომ ჩვენ ვიპოვით ძლიერ არგუმენტებს, რათა საბოლოოდ დავარწმუნოთ ორბანი", - ხაზგასმით აღნიშნა ტუსკმა.