აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წერილი გაუგზავნა ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს, რომელშიც ის ოფიციალურად სთხოვს ქვეყნის მეთაურს, რომ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუ შეიწყალოს, რომლის წინააღმდეგაც კორუფციის ბრალდებები არსებობს.
"ჩემთვის პატივია, რომ ამ ისტორიულ მომენტში გწერთ, როცა ჩვენ ერთად მივაღწიეთ მშვიდობას, რომელსაც კაცობრიობა სულ მცირე 3 000 წლის განმავლობაში ესწრაფოდა" - წერს ტრამპი თავის წერილში, რომელიც ჰერცოგმა დღეს დილით მიიღო.
"მოგმართავთ, რომ სრულად აპატიოთ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც იყო ძლიერი და გადამწყვეტი პრემიერმინისტრი ომის დროს და ახლა ისრაელს მშვიდობის ეპოქისკენ წარუძღვის - პროცესში, რომელიც მოიცავს ჩემს გაგრძელებულ თანამშრომლობას ახლო აღმოსავლეთის მთავარ ლიდერებთან, რათა უფრო ბევრ ქვეყანას შევუერთოთ მსოფლიოს გარდამქმნელ აბრაამის შეთანხმებას" - წერს ტრამპი.
"მე სრულად ისრაელის სამართლის სისტემის დამოუკიდებლობას ვცემ პატივს" - აცხადებს ტრამპი, თუმცა ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებებს "პოლიტიკურ და უსაფუძვლო დევნად" მოიხსენიებს.
ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ამჟამად სამი განსხვავებული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და მას ბრალი ქრთამის აღება, თაღლითობა და ნდობის დარღვევა ედება. სასამართლო პროცესი 2020 წელს დაიწყო და ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან.
ჰერცოგი საპასუხო განცხადებაში აღნიშნავს, რომ შეწყალების მოთხოვნამ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები უნდა გაიაროს.
ისრაელის პრეზიდენტს იმ პირების შეწყალების უფლება აქვს, რომლებიც სასამართლოს მიერ არიან მსჯავრდადებული, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში - კიდევ მანამდე, სანამ სამართლებრივი პროცესი დასრულდება, თუ ეს საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საჭიროდ მიიჩნევა.
პატიების თხოვნა თავად მსჯავრდადებულმა ან მისმა ახლო ოჯახის წევრმა უნდა შეიტანოს. ნეთანიაჰუსა და მის ოჯახს ასეთი თხოვნა ჯერ არ შეუტანიათ.








