აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 იანვარს Fox News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მალე აშშ ნარკოკარტელებზე იერიშებს ხმელეთზეც დაიწყებს.
"ჩვენ ვაპირებთ, ხმელეთზე დარტყმების დაწყებასაც კარტელებთან დაკავშირებით. კარტელები მექსიკას მართავენ." - თქვა ტრამპმა, თუმცა გეგმების შესახებ კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია.
ცნობისთვის, ტრამპის ბოლო განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ს მხრიდან რამდენიმეთვიანი სამხედრო ოპერაცია კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის რეგიონებში ნარკოტიკების კონტრაბანდაში ჩართული ნავების წინააღმდეგ.
ნარკოტრეფიკინგში ჩართული ნავების წინააღმდეგ საჰაერო იერიშების მიტანა აშშ-მ 2025 წლის სექტემბრიდან დაიწყო. არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ აშშ-მ ნავებზე 30-მდე იერიში მიიტანა, რასაც ჯამში დაახლოებით 107 ადამიანი ემსხვერპლა.
ტრამპის ადმინისტრაციის მიხედვით, ნავები კრიმინალურ ორგანიზაცია Tren de Aragua-ს ეკუთვნოდა, რომელიც აშშ-მ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გასულ წელს გამოაცხადა.
"ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, დარტყმები განვახორციელოთ ნარკოტიკებით დატვირთული ნავების წინააღმდეგ, რომლებსაც ნარკოტიკები აშშ-ში შემოაქვთ". - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ იანვრის დასაწყისში.








