აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან 45 დღით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მხარეებისთვის წარდგენილი წინადადება მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია.
"მათ წინადადება წარადგინეს და ეს მნიშვნელოვანი წინადადებაა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია," განუცხადა ტრამპმა რეპორტიორებს თეთრ სახლში გამართულ ყოველწლიურ სააღდგომო ღონისძიებაზე.
მანამდე გამოცემა Axios წერდა, რომ აშშ, ირანი და რეგიონის ქვეყნების შუამავლები შესაძლო 45-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის პირობებს განიხილავენ, რამაც შესაძლოა, საბოლოოდ ომის დასრულებაც გამოიწვიოს.
წყაროების მიხედვით, მომდევნო 48 საათის განმავლობაში, როცა პრეზიდენტი ტრამპის მიერ დადგენილი ვადა იწურება, შეთანხმების მიღწევის შანსები მცირეა, თუმცა, ბოლო ძალისხმევა ერთადერთ შანსს იძლევა, რათა არ მოხდეს ომში შესაძლო ესკალაცია მას შემდეგ, რაც ტრამპი ირანის რეჟიმს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშებით დაემუქრა.








