ღია ბრალდებები კორუფციასთან მიმართებით და მოწოდებები არჩევნების ჩატარებისთვის - სამშვიდობო შეთანხმების მიღწევამდე, ზელენსკის მიმართ ტრამპი მორიგი მწვავე განცხადებებით გამოდის.
თეთრ სახლში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ აუცილებელია, უკრაინის პირველმა პირმა მოსახლეობის აზრი გაითვალისწინოს და ომი დაასრულოს.
ტრამპმა უკრაინაში კორუფციასთან დაკავშირებულ მძიმე მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და ზელენსკის უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მკაცრად მოსთხოვა, რადგან, მისივე თქმით, ეს ხალხის დაკვეთაა.
"ზელენსკი რეალისტი უნდა იყოს. მაინტერესებს, კიდევ რამდენი დრო გავა არჩევნების ჩატარებამდე. ამის თქმა არ არის ვინმესთვის ჩრდილის მიყენება. იქ [უკრაინაში] მართლაც მასშტაბური კორუფციული სიტუაცია აქვთ... ადამიანები კითხულობენ: როდის იქნება არჩევნები? საერთოდ იქნება თუ არა? თუ ისინი უბრალოდ ასე გაგრძელებას აპირებენ?.. ასე რომ, ვფიქრობ, დროა, ეს ომი დასრულდეს", - აცხადებს ტრამპი.




