აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხედრო ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თანამდებობაზე ყოფნისას, ცხრა თვის განმავლობაში შვიდი მსოფლიო კონფლიქტი მოაგვარა.
„მას შემდეგ რაც აქ ვარ ბევრი ომი მოვაგვარე, თითქმის ცხრა თვეა და შვიდი ომი მოვაგვარე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპი ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარება მიიჩნევს, რომელიც, მისი თქმით, 3 000 წელია, გრძელდება.
„პაკისტან-ინდოეთს შორის ძალიან დიდი ომი იყო, ორივე ბირთვული სახელმწიფოა. მე ეს მოვაგვარე“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ღაზის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა ოპტიმიზმი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ახლა მხოლოდ „ჰამასის“ თანხმობაა საჭირო.
„ისინი თუ არ დათანხმდებიან, მათთვის ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარება ყველაზე რთულ საქმედ დაასახელა.
„ვფიქრობდი, ეს ყველაზე ადვილი იქნებოდა, რადგან პუტინს კარგად ვიცნობ, მაგრამ ეს ყველაზე რთული აღმოჩნდა“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
დონალდ ტრამპის თქმით, აუცილებელია ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა და შეთანხმება.
„სუსტები რომ ვყოფილიყავით, ისინი ჩემს ზარსაც არ უპასუხებდნენ, მაგრამ ჩვენ უდიდესი ძალა გვაქვს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
თარგმანი: პირველი არხი