აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აფართოებს სავაჭრო კონფლიქტს: ის იმუქრება სპილენძის იმპორტზე 50-პროცენტიანი გადასახადის დაწესებით და სამედიცინო პრეპარატებზე ტარიფების გაზრდით. ამის შესახებ ტრამპმა სამშაბათს, 8 ივლისს, თეთრ სახლში გამართულ სხდომაზე განაცხადა.
ამის გამო, სპილენძის ფასი ბაზრებზე მკვეთრად გაიზარდა და ტონაზე რეკორდულ 12 330 დოლარს მიაღწია. გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა მედიკამენტებზე იმპორტის 200 პროცენტიანი გადასახადის დაწესებით დაიმუქრა. ამავდროულად, მან მწარმოებლებს ერთი წელი მისცა იმისთვის, რომ "თავიანთი საქმეები მოეგვარებინათ".
ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის უნდა შევიდეს ძალაში სპილენძის იმპორტზე ტარიფები. ამავდროულად, დონალდ ტრამპმა 7 ივლისს გადადო ევროკავშირიდან და ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან იმპორტზე სავაჭრო გადასახადების გაზრდა: წესები ძალაში 8 ივლისს უნდა შესულიყო, თუმცა ვადამ 1 აგვისტოს გადაიწია.
სპილენძი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ელექტრომობილების, შეიარაღებისა და ელექტროქსელების წარმოებაში. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ამ ლითონის იმპორტზე ტარიფების გაზრდა შიდა წარმოების სტიმულირებას მოახდენს. იელის უნივერსიტეტთან არსებული ანალიტიკური ცენტრის, The Budget Lab-ის კვლევის თანახმად, ამერიკელი მომხმარებლები უარყოფით შედეგებს უკვე აწყდებიან სპილენძის იმპორტზე მოქმედი ტარიფების გამო, რომელიც 17,6 პროცენტს შეადგენს - ეს არის ყველაზე მაღალი დონე 1934 წლის შემდეგ.
მიუხედავად ამისა, ვაშინგტონში მიუთითებენ გადასახადებიდან მიღებულ მაღალ შემოსავლებზე: ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის თქმით, აშშ-მ უკვე მიიღო დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი, წლის ბოლოს კი ამ თანხამ, შესაძლოა, 300 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. ამავდროულად, ევროკავშირი საპასუხო ზომებით იმუქრება.
დონალდ ტრამპმა 4 აპრილს გამოაცხადა მასშტაბური საბაჟო გადასახადების შემოღების შესახებ პრაქტიკულად ყველა ქვეყნისთვის. მოგვიანებით, მან განაცხადა, რომ შემოიღო 90-დღიანი გადავადება, რომელიც 8 ივლისს იწურებოდა. ახლა ევროკავშირიდან პროდუქციის უმეტესობის იმპორტზე მოქმედებს საბაზისო ტარიფი - 10%. ევროპული ავტომობილები იბეგრება მომატებული გადასახადით - 25%-ით, ხოლო ფოლადი და ალუმინი - 50%-ით. ტრამპი იმუქრებოდა, რომ თუ ევროკავშირი არ დათანხმდებოდა გარიგებას, ყველა საქონელი მოხვდებოდა 50-პროცენტიანი ტარიფის ქვეშ.
6 ივლისს ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სატელეფონო საუბარი გამართა ტრამპთან. ამ საუბრის შედეგად, ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უახლოეს დღეებში ელის აშშ-სთან ფუნდამენტური შეთანხმების მიღწევას სავაჭრო კონფლიქტის მოსაგვარებლად.