სააგენტო „როიტერისთვის" მიცემული ინტერვიუს დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევის შემთხვევაში შესაძლოა გააუქმოს საგადასახადო შეღავათები ელექტრომობილებისთვის და მზადაა „ტესლას" გენერალური დირექტორი მრჩევლად ან მინისტრად დანიშნოს.

პენსილვანიის შტატში გამართული წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დასრულების შემდეგ სააგენტო „როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევის შემთხვევაში ის განიხილავს ელექტრომობილების შესყიდვაზე დაწესებული 7500 დოლარის საგადასახადო შეღავათის გაუქმების საკითხს.

„საგადასახადო შეღავათები და წახალისებები, ზოგადად, არ არის კარგი რამ”, - განაცხადა ტრამპმა და დამატებით კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს დანიშნოს ილონ მასკი მრჩევლად ან მინისტრად, უპასუხა, რომ მასკი „ძალიან ჭკვიანი ბიჭია. მე რა თქმა უნდა მექნებოდა სურვილი, თუ ის ამას დათანხმდება, რა თქმა უნდა ვისურვებდი. ბრწყინვალე ბიჭია".

დონალდ ტრამპის სიტყვებს ილონ მასკი პლატფორმა X-ზე შეეხმიანა.

„მე მზად ვარ სამუშაოდ", - წერს ილონ მასკი და აქვეყნებს ფოტოს, რომელზედაც იგ ჩანს კათედრაზე წარწერით: „სახელმწიფო მმართველობის ეფექტიანობის სამინისტრო".


შეგახსენებთ, რომ ილონ მასკმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი დონალდ ტრამპს წინასაარჩევნო მიტინგზე ატეხილი სროლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ და განაცხადა, რომ აპირებს თვეში დაახლოებით 45 მილიონი დოლარის გამოყოფას ტრამპის მომხრე ახლად შექმნილი პოლიტიკური აქტივობის სუპერ კომიტეტისთვის.