აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დააწესოს, თუ ნატო-ს ყველა ქვეყანა იმავეს გააკეთებს და შეწყვეტს რუსეთისგან ნავთობის შეძენას. ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ეს წერილი ნატო-ს ყველა ქვეყანასა და მსოფლიოს გაუგზავნა. აშშ-ის პრეზიდენტი ასევე მოუწოდებს ნატო-ს ქვეყნებს, დაუწესონ ჩინეთს 50%-დან 100-%-მდე ტარიფები ომის დასრულებამდე, რადგან, ტრამპის შეფასებით, ჩინეთს დიდი კონტროლი და გავლენა აქვს რუსეთზე.

„მე მზად ვარ რუსეთს სერიოზული სანქციები დავუწესო, როდესაც ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა დათანხმდება და იმავეს გააკეთებს და ნატო-ს ყველა წევრი შეწყვეტს რუსეთისგან ნავთობის ყიდვას. როგორც იცით, ნატო-ს გამარჯვების მზადყოფნა 100%-ზე ბევრად ნაკლები იყო და და ზოგიერთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვა შოკის მომგვრელი გახლდათ! ეს მნიშვნელოვნად ასუსტებს  მოლაპარაკების პროცესში თქვენს პოზიციას და რუსეთთან მოლაპარაკების ძალას. ყოველ შემთხვევაში, მე მზად ვარ, „ვიმოქმედო“, როცა თქვენც მზად იქნებით. უბრალოდ მითხარით, როდის? მე მჯერა, რომ ეს და, ასევე ნატო-ს მიერ ჩინეთისთვის 50%-დან 100%-მდე ტარიფების დაწესება, რომლებიც სრულად გაუქმდება რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შემდეგ, დიდ დახმარებას გაუწევს ამ სასიკვდილო, მაგრამ უაზრო ომის დასრულებას. ჩინეთს ძლიერი კონტროლი და გავლენაც კი აქვს რუსეთზე და ეს ძლიერი ტარიფები ამ გავლენას დაარღვევს. ეს არ არის ტრამპის ომი (ის არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი!), ეს არის ბაიდენის და ზელენსკის ომი. მე აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ დავეხმარო მის შეჩერებას და გადავარჩინო ათასობით რუსის და უკრაინელის სიცოცხლე (მარტო გასულ კვირას 7 118 ადამიანი დაიღუპა. ეს სიგიჟეა!). თუ ნატო გააკეთებს იმას, რასაც ვამბობ, ომი სწრაფად დასრულდება და ყველა ეს სიცოცხლე გადარჩება! წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ უბრალოდ ფლანგავთ  ჩემს დროს, შეერთებული შტატების დროს, ენერგიასა და ფულს. გმადლობთ ამ საკითხზე თქვენი ყურადღებისთვის!“ – წერს დონალდ ტრამპი.